18 სექტემბერი 2021,   21:53
ვრცლად
"კოკისპირული წვიმები იყო, შეუძლებელი იყო საიდანმე არ გაპარულიყო" - რამ გამოიწვია გელათში მე-16 საუკუნის ფრესკის დაზიანება

გელათის მონასტერში ფრესკები კვლავ დაზიანდა. ამჯერად ტაძარში მე-16 საუკუნის მხატვრობის ნაწილი ჩამოიშალა. საქმე ეხება წმინდა მარინეს ეკვდერის ფრესკას. ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლია" ავრცელებს. 

უკვე მეორე დღეა ექსპერტთა ჯგუფის წარმომადგენლები გელათის ტაძარში არ გამოჩენილან. სწორედ მათ უნდა შეაფასონ ტაძარში არსებული მდგომარეობა და ის მიზეზი, რის გამოც დაიწყო მე-16 საუკუნის ფრესკების ჩამოშლა.

"კურიერი" ესაუბრა ტაძრის წინამძღვარსაც, რომელიც აცხადებს, რომ ფრესკების ჩამოშლის პროცესი უკავშირდება გელათის მონასტრის გადახურვის დროს ჩამოსულ წყლის მასას, რა დროსაც, მისი თქმით, ვერ განიავდა ტაძარი, დაინესტა კედლები და ამან შეუწყო ხელი ფრესკების ჩამოშლის პროცესს.

"იმ დროს ჰქონდა დიდი წვიმა, ისეთი საშინელი, კოკისპირული წვიმები იყო, შეუძლებელი იყო, საიდანმე არ გაპარულიყო, სტიქიურ მოვლენასთან გვაქვს საქმე. დანარჩენს სპეციალისტები გეტყვიან. ნაწილები შენახულია და სპეციალისტებს მიაწვდიან თავის დროზე,"-აცხადებს ტაძრის წინამძღვარი იოსებ ბურჯანაძე.

საქართველო ელოდება იტალიელი სპეციალისტების დასკვნებს, რომლის მიხედვითაც უნდა დაიწყოს გელათის სამონასტრო კომპლექსის რესტავრაცია.

 

დღის ამბები