17 სექტემბერი 2021,   23:24
ვრცლად
თუ პარტიები გვაჩვენებენ, რომ შეუძლიათ სუბიექტური და მავნე ინტერესების გადადება, ვიფიქრებთ კოალიციურ მმართველობაზე - ირაკლი კობახიძე

მმართველი პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ ოპოზიციურ პარტიებს შეეძლებათ "სუბიექტური და მავნე ინტერესების გვერდით გადადება", "ქართული ოცნება" კოალიციურ მმართველობაზე დაფიქრდება.

"როდესაც ხელს ვაწერდით 19 აპრილის შეთანხმების ანულირების დოკუმენტს მაშინაც ვიცოდით, რომ თავისუფლად გადავლახავდით 43%-იან ბარიერს, თორემ ამხელა რისკის ქვეშ ჩვენ ბუნებრივია ჩვენს ქვეყანას ვერ დავაყენებდით და როგორი თავდაჯერებულებიც ვიყავით მაშინ, ისევე ვართ ახლაც. შესაბამისად ესეც იყო გათვლის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი და კომპონენტი.

სამომავლო ხედვას რაც შეეხება, ეს იქნება მთლიანად პოლიტიკური პარტიების ქცევებზე დამოკიდებული, თუ ისინი იმას გვაჩვენებენ, რომ მათ შეუძლიათ მოქმედება ქვეყნის ინტერესების შესაბამისად და მათ შეუძლიათ საკუთარი სუბიექტური და ხშირად მავნე ინტერესების გადადება, ამ შემთხვევაში ვიფიქრებთ კოალიციურ მმართველობაზე. მინდა აღვნიშნო, რომ ჩამოთვლილი წინა თვეების განმავლობაში არ უჩვენებიათ," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც პარტიის თავმჯდომარემ აღნიშნა, მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ ამ არჩევნებზე 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს გაიმეორებს.

"მეორე ტური იქნება, თუ არა ამას საზოგადოება გადაწყვეტს, ჯერ თვითმმართველობის არჩევნებამდე 2 თვეა დარჩენილი და შესაბამისად, დრო ძალიან ბევრია, აქედან გამომდინარე დღეს რაიმე პროგნოზის გაკეთება მეორე ტურთან დაკავშირებით, არასწორი იქნება, თუმცა ვართ დარწმუნებულები რომ პრინციპულად მოვახერხებთ იმ შედეგის გამეორებას, რაც 2017 წელის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე გვქონდა," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

დღის ამბები