22 იანვარი 2022,   07:03
ვრცლად
დიახ, ღია წერილით მივმართეთ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, დიახ, ჩვენ მზად ვართ დიალოგი იყოს - ირმა ინაშვილი

"პატრიოტთა ალიანსი" ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, საქართველოში შექმნილი პოლიტიკური ვითარების განსამუხტად მიმართავს.

წერილს თან, 42 ადამიანის ხელმოწერა ერთვის. 

"დიახ, ღია წერილით მივმართეთ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს. დიახ, ჩვენ მზად ვართ, რომ დიალოგი იყოს ჩვენს დონეზე. ამ წერილს ხელს ძალიან გავლენიანი ხალხი აწერს. თუ მკითხავთ, ჩავალ თუ არა მოსკოვში და მივიღებ თუ არა მონაწილეობას სხვადასხვა ფორმატში, გეტყვით, რომ დიახ, ჩავალ, შევხვდები დეპუტატებს და სხვადასხვა პოლიტიკური თანამდებობის პირებს. ამას გავაკეთებ იმისათვის, რომ ჩემი ქვეყნის ინტერესი დავიცვა,"- აცხადებს ”საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი. 

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სახელზე გამოქვეყნებულ ღია წერილში, პრორუსული პარტიის წევრები ანტიდასავლურ განცხადებებსაც აკეთებენ და ქვეყანაში შექმნილ სიტუაციაში, ამერიკის შეერთებულ შტატებს ადანაშაულებენ.

წერილს შეფასებები მოჰყვა სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიაში.

პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩი” თავმჯდომარე იაგო ხვიჩია ამბობს, რომ ამ ჟესტით, ირმა ინაშვილმა, პრო-რუს ამომრჩევლებს გული მოფხანა. თუმცა, "გირჩის" ლიდერი იმასაც ამბობს, რომ ეს ქალბატონი ირმა ინაშვილის უფლებაა, რომელსაც ვერავინ ვერაფერს უზამს. 

"ირმა ინაშვილს აქვს უფლება წერილები მისწეროს პუტინს, ან მედვედევს,"- აცხადებს იაგო ხვიჩია. 

პარლამენტის ფრაქცია ”ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის” თავმჯდომარის მოადგილე სალომე სამადაშვილი კი ამბობს, რომ ირმა ინაშვილის მიზანი საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დაზიანება და რუსული პროექტია. ასეთი ჯგუფების პოლიტიკურ აქტივობებში კი, სამადაშვილი ხელისუფლებას ადანაშაულებს. 

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გიორგი ამილახვარის განცხადებით კი, როდესაც საქართველოში რაიმე მნიშვნელოვანი პროცესები მიმდინარეობს, სწორედ ამ დროს "ამოყოფს ხოლმე თავს რუსეთი და მისი სატელიტები საქართველოში". მან ირმა ინაშვილს ურჩია, თავი შეიკავოს, ქვეყნისთვის დამაზიანებელი განცხადებებით. 

დღის ამბები