23 იანვარი 2022,   19:48
ვრცლად
"თბილისში ჩვენ არ ვაპირებთ მაჟორიტარი დეპუტატების დასახელებას" - ზაალ უდუმაშვილი 

საარჩევნო კამპანია უკვე დაწყებულია, თუმცა ოპოზიციას  საკუთარი კანდიდატები საბოლოოდ ჯერ არ დაუსახელებია. მათი უმრავლესობა ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია. თუმცა, ყველა თანხმდება, რომ მნიშვნელოვანია მშვიდობიანი და მაღალი სტანდარტების საარჩევნო გარემო.

პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია”  წევრი ზაალ უდუმაშვილი ამბობს, რომ პარტია თბილისში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების დასახელებას არ აპირებენ.

"უმეტეს შემთხვევაში იქნება საერთო ოპოზიციური კანდიდატები ჩვენს პარტნიორ ოპოზიციურ პარტიებთან შეთანხმებით. რაც შეეხება თბილისს, თბილისში ჩვენ არ ვაპირებთ მაჟორიტარი დეპუტატების დასახელებას და ჩვენ განვაცხადეთ, რომ მთლიანად ვუთმობთ ოპოზიციას თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატებს. ანალოგიური სქემით ვიმოქმედებთ რეგიონებშიც და უახლოეს მომავალში უკვე დავასახელებთ ყველა კანდიდატს, რომელიც იბრძოლებს ოპოზიციის სახელით. მშვიდ გარემოში რომ ჩატარდება არჩევნები, ამის იმედი არ მაქვს, თუმცა სასურველი იქნებოდა,“ - აცხადებს ზაალ უდუმაშვილი.

პარლამენტის ფრაქცია ”შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის” თავმჯდომარის მოადგილე, პაატა მანჯგალაძე აცხადებს, რომ საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს, რომ ჰქონდეთ მესამე არჩევანი და სწორედ ამ იდეას უჭერს მხარს “სტრატეგია აღმაშენებელი."

"საქართველოში დაახლოებით 40%-ზე მეტს არ მოსწონს არც "ქართული ოცნება", არც "ნაციონალური მოძრაობა" და ჩვენ ვამბობთ, რომ ეს ხალხი იმსახურებს, რომ ჰქონდეთ მესამე არჩევანი. მესამე არჩევანის იდეას უჭერს მხარს "სტრატეგია აღმაშენებელი". იმისთვის, რომ სრულფასოვანი კამპანია ჩავატარო, მჭირდება მერობის კანდიდატიც, მაჟორიტარობის კანდიდატიც. ამიტომ, ჩვენ ვატარებთ ჩვენს კამპანიას,“ - აცხადებს პაატა მანჯგალაძე.

მთელი ქვეყნის მასშტაბით ახალი "გირჩების“ აღმოჩენას იწყებს პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფი ”გირჩი“.

"ჩვენ ველოდებით "ქართული ოცნებისგან" ბევრ ბილბორდს და ბილბორდზე გაღიმებულ და შარავანდედით მოსილ ქოცებს. დანარჩენი ოპოზიციისგან სამწუხაროდ არ ველოდები რამე კრეაციას, ველოდები ისევ იგივე ემოციურ თამაშს, ხოლო ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ახალი ადამიანები აღმოვაჩინოთ მთელი ქვეყნის მასშტაბით და ზუმ პლატფორმის მეშვეობით მოვაწყოთ მათთან საჯარო გასაუბრებები, რომ ყველა თქვენგანმა მოისმინოთ,“ - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

დღის ამბები