23 იანვარი 2022,   18:51
ვრცლად
გვექნება მთლიანად პოზიტიური საარჩევნო კამპანია, რომელიც აგებული იქნება იმ საჭიროებებზე, რომელიც აქვს ჩვენს მოსახლეობას - ირაკლი კობახიძე

საარჩევნო კამპანია უკვე დაწყებულია. მმართველი გუნდი ამომრჩევლებს მშვიდ და პოზიტიურ საარჩევნო კამპანიას ჰპირდება. "ქართულ ოცნებას" მერობის და მაჟორიტარობის კანდიდატები უკვე დასახელებული ჰყავს.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ  ოპოზიციისგან კონსტრუქციულობის იმედი არ აქვთ და ამბობენ, რომ ოპონენტებისგან გარემოს ხელოვნურად პოლარიზებას ელოდებიან.

"ჩვენ გვექნება მთლიანად პოზიტიური საარჩევნო კამპანია, რომელიც აგებული იქნება იმ საჭიროებებზე, რომელიც აქვს ჩვენს მოსახლეობას თითოეული მუნიციპალიტეტის მიხედვით. ეს არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და ყველამ ვიცით, რა არის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენცია დაწყებული ინფრასტრუქტურის მოწესრიგებით, გაგრძელებული ნარჩენების გატანა, კეთილმოწყობა და ა.შ. ჩვენ საზოგადოებას ვესაუბრებით იმასთან დაკავშირებით თუ რას გაუკეთებს მათ თითოეული მუნიციპალიტეტი მათი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. ეს იქნება ჩვენი კამპანიის შინაარსი. იგივეს სამწუხაროდ, არ ველოდებით ოპოზიციისგან, ტრადიციულად, მათგან ველოდებით ხელოვნურად გარემოს პოლარიზებას, თუმცა ჩვენი პასუხი იქნება მშვიდი და პოზიტიური,“ - აცხადებს ირაკლი კობახიძე.

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ამილახვარი ამბობს, რომ კოვიდ-რეგულაციების სრული დაცვით უაღრესად პოზიტიურ საარჩევნო კამპანიას ჩატარდება.

"კახა კალაძეს და მის გუნდს გააჩნია უაღრესად დიდი გამოცდილება, რომელიც დაამტკიცა არა ერთი უდიდესი პრობლემის მოგვარებით თბილისში, რომელიც ვერც ერთმა მერმა აქამდე ვერ დაძლია და გააჩნია სწორი ხედვა. რეგიონების კამპანიის ლიდერი იქნება პრემიერ მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც უახლოეს მომავალში გეგმაზომიერად დაიწყებს ყველა რეგიონში ვიზიტს, ისევე როგორც დავიწყებთ თბილისში კახა კალაძის ლიდერობით და კოვიდ-რეგულაციების სრული დაცვით ჩავატარებთ უაღრესად პოზიტიურ საარჩევნო კამპანიას,“ - აცხადებს გიორგი ამილახვარი.

 

 

დღის ამბები