21 სექტემბერი 2021,   17:18
ვრცლად
19 აპრილის დოკუმენტის ანულირებაზე ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას, დოკუმენტის მიზნები ამოწურული არაა - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 19 აპრილის დოკუმენტის ანულირებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მხარეებს შორის შეთანხმებული დოკუმენტის ცალკეულ ელემენტებზე და მის ანულირებაზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს.

პრეზიდენტმა დოკუმენტის მომზადების პროცესი და შარლ მიშელის ჩართულობა უაღრესად პოზიტიურად შეაფასა.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, დოკუმენტის მიზნები ამოწურული არაა.

"მიმაჩნია და ვუთხარი კიდევ მმართველი პარტიის წარმომადგენლებს, რომ დოკუმენტის მომზადების პროცესი უაღრესად პოზიტიური გახლდათ, რამეთუ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური ფიგურის ჩართულობა საქართველოს პროცესებში, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის რეალური ხიდი ჩვენსა და ევროპას შორის. ეს უნდა გვესმოდეს, ვაფასებდეთ, ვიყენებდეთ და ვუფრთხილდებოდეთ.

მე, პირადად, ვიღებ ერთგვარ პასუხისმგებლობას და ვამაყობ, რომ ხელი შევუწყე ევროკავშირის ჩართულობას მაშინ, როცა ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი ჩიხში შედიოდა, თუმცა ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას დოკუმენტის ცალკეულ ელემენტებზე, რომლებიც იყო მხარეებს შორის შეთანხმებული და ვერც მის ანულირებაზე. თუმცა, დღეს, პოსტფაქტუმ იმის აღმოჩენა, რომ თურმე ისეთი რაღაცები დავთმეთ, რაც მიუღებელი ყოფილა და რამაც შესაძლოა ქვეყანა დააზიანოს, გაუგებარია. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, წითელი ხაზების ხელმოწერამდე გავლება ვიცი. 

მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ ეს პროცესი რომელიც დგას ამ დოკუმენტის უკან, მიზნები, რომლებსაც ეს დოკუმენტი ისახავს და პრინციპები, რომელსაც დოკუმენტი ეფუძნება, ამოწურული არაა. წარმოადგენს იმ გზას, რომელიც ამ ქვეყანამ აუცილებლად უნდა გაიაროს და რომელსაც მე ვუჭერ მხარს.

გუშინ მოვუსმინე ყველას და მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, იმ პარტიების პასუხისმგებლობით აღსავსე დამოკიდებულება, რომლებიც ამ შეთანხმების საფუძველზე პარლამენტში შევიდნენ, იმუშავეს და დღესაც მუშაობენ, ქმნიან მოდელს ან მოდელის საწყისს როგორი უნდა იყოს დეპოლარიზებული ქართული პოლიტიკური სპექტრი, ყოველ მათგანს მინდა ამისთვის მადლობა გამოვუცხადო. მეც ვიზიარებ მათ შეხედულებას, რომ დოკუმენტმა თავისი პირველადი დანიშნულება შეასრულა. პოლიტიკური კრიზისი დაასრულა, სტაბილურობა გამყარდა, მრავალპარტიული პარლამენტი შედგა და პოლიტიკურმა პროცესებმა ქუჩიდან პარლამენტში გადაინაცვლა. მივიღეთ ახალი საარჩევნო კოდექსი, დიდი იმედი მაქვს, ბარიერის დაწევის შეთანხმებაც შესრულდება, რაც ახალი პარტიების გამოჩენის წინაპირობაა," - აღნიშნა პრეზიდენტმა.

დღის ამბები