23 იანვარი 2022,   08:02
ვრცლად
"პრეზიდენტის პოსტი არის ზეპარტიული და გამომდინარე აქედან, ბუნებრივია მას ჰქონდა პოზიცია, რომ ეს შეთანხმება ბოლომდე შესრულებულიყო" - გურამ მაჭარაშვილი

სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომელიც შარლ მიშელის შეთანხმების ანულირების საკითხს გამოეხმაურა,  მმართველი გუნდი აფასებს. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ მათი გადაწყვეტილება დოკუმენტის ანულირებასთან დაკავშირებით არ შეიცვლება.

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი, გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ პრეზიდენტი არის ზეპარტიული და მას ჰქონდა პოზიცია, რომ შეთანხმება ბოლომდე შესრულებულიყო. 

"პრეზიდენტის პოსტი არის ზეპარტიული და გამომდინარე აქედან, ბუნებრივია, მას ჰქონდა პოზიცია, რომ ეს შეთანხმება, სადაც თვითონაც ჩართული იყო აქტიურად, რაღაცნაირად ბოლომდე შესრულებულიყო. თუმცა, იქვე მანაც აღნიშნა, რომ ის დესტრუქციული დამოკიდებულება არის მიუღებელი საკუთარი ქვეყნის მიმართ. აქ პოლიტიკურ პარტიებზე აღარ არის საუბარი, რაც აქვს ნაციონალურ მოძრაობას და რადიკალურ ფრთას,“ - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ პრეზიდენტის  გუშინდელი განცხადების შინაარსი გარკვეულ კრიტიკას იმსახურებს.

"გარკვეულ კრიტიკას მისი შეფასებები იმსახურებს, იმ თვალსაზრისით, რომ არ მგონია, რომ სწორად იქნა წარმოჩენილი ვითარება. მათ შორის განსაკუთრებით ხაზს გავუსვამდი იმ გარემოებას, რომ ითქვას თითქოს, რომ ოპოზიცია შემოვიდა და ის კონსტრუქციულად მუშაობდა პარლამენტში და თითქოს მოწმენდილ ცაზე მეხივით იქნა მიღებული გადაწყვეტილება ამ ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ. ეს ასე არ არის და მე ვფიქრობ, რომ ლოგიკური იქნებოდა, თუკი პრეზიდენტი ამ გარემოების მხედველობაში მიღებით შეაფასებდა მოვლენებს,“ - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ. 

დღის ამბები