18 იანვარი 2022,   11:00
ვრცლად
იგეგმება პირობით მსჯავრდებულთა ელექტრონული კონტროლის ახლებური მექანიზმის შექმნა - იუსტიციის მინისტრი

იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ 10 წლიანი სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაზე ისაუბრა პატიმართა რესოციალიზაციაზე, მათ შორის არასრულწლოვანთა მიმართებაში.

"კანონთა კონფლიქტში მყოფ და რთული ქცევის მქონე მოზარდების რესოციალიზაციისა და დანაშაულის პრევენციისათვის საჭიროა ინსტიტუციური და კომპლექსური მიდგომების დანერგვა. დაწყებულია და დასრულდება არასრულწლოვანთა რეფერირების ახალი ცენტრების გახსნა, რაც ხელს შეუწყობს ეფექტიანი რეაგირების მექანიზმის ჩამოყალიბებას 14 წელს მიუღწეველი მოზარდების მიერ ჩადენილ დანაშაულზე," - აღნიშნა ბრეგაძემ.

გარდა ამისა, მინისტრის განცხადებით, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით იგეგმება პირობით მსჯავრდებულთა ელექტრონული კონტროლის ახლებური მექანიზმის შექმნა, რომელიც, ერთის მხრივ, დაზოგავს ადამიანურ რესურს, ხოლო, მეორეს მხრივ, მსჯავრდებულს გაუადვილებს მასზე დაკისრებული ვალდებულების შესრულებას.

იუსტიციის მინისტრის განმარტებით, საუბარია Probbox-ის შექმნაზე, რომელიც განთავსდება, როგორც იუსტიციის სახლებში, ასევე საზოგადოებრივ ცენტრებსა და ადგილობრივ მუნიციპალურ შენობებში.

"პირის იდენტიფიცირებისათვის Probbox-ში ინტეგრირდება სხვადასხვა სახის საიდენტიფიკაციო მოწყობილობები, როგორიც არის: ხმისა და თვალის გუგის ამომცნობი, ასევე ვიდეო გადაღებისა და დაქტილოსკოპიური აპარატი. Probbox - ით ასევე მოხდება ალკოჰოლური სიმთვრალის დადგენა ჩამონტაჟებული ალკოტესტის მეშვეობით. დამატებით ფუნქციად ასევე შესაძლებელია, განხილულ იქნას პრობაციონერთა მიმართ განრიგის დარღვევის შემდგომ მათთვის შესაბამისი საჯარიმო ქვითრის ბეჭდვის მექანიზმის განსაზღვრა, რომლის დახმარებითაც პრობაციონერს საჯარიმო ქვითარი გადაეცემა საქმისმწარმოებელი ოფიცრის გარეშე.

პრობაციონერის გამოცხადება Probbox-თან, ასევე მის მიერ განრიგის დარღვევა, ავტომატურად აისახება საქმისმწარმოებელი ოფიცრის ბაზაში," - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

დღის ამბები