21 სექტემბერი 2021,   18:09
ვრცლად
თამარ გაბუნიას თქმით, ე.წ. საველე ჰოსპიტლების მოწყობა არ განიხილება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ ე.წ. საველე ჰოსპიტლების მოწყობა დღეს არ განიხილება და უფრო მეტად მისაღები მოდელი სასტუმრო ინფრასტრუქტურის გამოყენებაა.

მინისტრის მოადგილის თქმით, ამ ეტაპზე დამატებითი სასტუმროების მობილიზებაზე მუშაობენ.

"გარკვეულწილად, გვეხმარება ისიც, რომ ბოლო პერიოდში, რიგი ქვეყნებიდან ტურისტების ნაკადი შემცირდა, ამიტომ სასტუმროების მობილიზების შესაძლებლობა მეტი გაჩნდა. მოგეხსენებათ, ჩვენთვის სასტუმრო იყო საველე ჰოსპიტლის ანალოგი, ამიტომ, სასტუმროების მობილიზებაზე ნამდვილად ვმუშაობთ და ვფიქრობ, რომ ამაზე მეტის საჭიროება უბრალოდ არ იქნება და მოხერხდება სასტუმროს რესურსის გამოყენებით ყველა ადამიანის მოთავსება იმ სივრცეში, სადაც იქნება ექიმი. სხვა სივრცეებზე საუბარი არ არის.

საველე ჰოსპიტლის მართვა და ადამიანური რესურსით მისი უზრუნველყოფა, რა თქმა უნდა, ძალიან რთული იქნება. ამდენად, მოდელი, რომელიც ჩვენ გვაქვს და რაც შესაძლებელია კიდევ მეტად გაფართოვდეს, სულ მცირე, ორჯერ და სამჯერაც ეს არის სასტუმროების მოდელი, იმ დიდი სივრცეების გამოყენება, სადაც კომფორტულ გარემოში შესაძლებელია პაციენტის მკურნალობა. საველე პირობებზე დღეს, კონკრეტული საუბარი არ არის. თუკი დადგება ამის საჭიროება, რესურსი, სადაც დიდი სივრცეა, ესეც ცნობილია და შესაძლებელია მისი ადაპტირება და მისი გამოცდილებაც მსოფლიოში არსებობს. თუმცა, ჩვენთვის მაინც უფრო მეტად მისაღები მოდელი არის სასტუმრო ინფრასტრუქტურის გამოყენება," - განაცხადა  გაბუნიამ.

დღის ამბები