18 იანვარი 2022,   11:33
ვრცლად
ევროპა კვლავ სტიქიის ზონაა - საბერძნეთი, იტალია, ალბანეთი და ჩრდილოეთ მაკედონია ძლიერ ხანძარს ებრძვის

საბერძნეთის ისტორიული ქალაქი ელიდაში ცეცხლშია გახვეული. ანტიკური ოლიმპიადის ჩატარების ტერიტორიაზე მეხანძრეები იბრძვიან, რომ ცეცხლის კერებმა არქეოლოგიურ ადგილებამდე არ მიაღწიოს. შემთხვევის ადგილიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. დაშავდა რამდენიმე ადამიანი. ისინი მკურნალობას ადგილობრივ საავადმყოფოში გადიან. ძლიერმა ხანძარმა დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც ელექტროენერგია მოსახლეობას არ მიეწოდება. შეფერხებით მუშაობს სატელეფონო ხაზებიც. 

ხანძარს ებრძვიან სიცილიასა და სარდინიაშიც. იტალიაში სტიქიის ზონებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. შემთხვევის ადგილზე ასობით მეხანძრე და ვერტმფრენია მობილიზებული. ხანძრის ჩასაქრობად იტალიას თვითმფრინავები უკვე გაუგზავნეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან.
 
საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული ჩრდილოეთ მაკედონიაში, რომელიც ძალაში 30 დღის განმავლობაში დარჩება. დამწვარია საცხოვრებელი სახლები და მანქანები. ცეცხლის კერების სწრაფად გავრცელების გამო დედაქალაქს საფრთხე სამი მხრიდან ემუქრება.

ხანძარია ალბანეთშიც, სადაც რესპირატორული გართულებებით ერთი ადამიანი დაიღუპა. დამწვარია საცხოვრებელი სახლები. ქვეყანაში სტიქიას უკვე რამდენიმე დღეა ებრძვიან. შემთხვევის ადგილზე ასობით მეხანძრე და ვერტმფრენია მობილიზებული. 

მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს თურქეთშიც. ძლიერი ხანძრის გამო მოსახლეობა და ტურისტები სტიქიის ზონიდან გარბიან. ადგილობრივების ნაწილი კი საკუთარი საცხოვრებელი სახლის დატოვებაზე უარს ამბობს. ბოლო მონაცემებით ხანძრის 197 კერიდან 185 ლოკალიზებულია. სტიქიას ქვეყნის 6 პროვინციაში ებრძვიან.

დღის ამბები