22 იანვარი 2022,   05:58
ვრცლად
მრავალეროვნული სწავლება ყოველწლიურად ნატო-სთან გვაახლოებს, რაც რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტია - კახა კუჭავა

პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ აშშ-საქართველოს ერთობლივი მრავალეროვნული სამხედრო სწავლების „Agile Spirit“ დახურვის ოფიციალური ცერემონიალზე განაცხადა, მრავალეროვნული სწავლება ყოველწლიურად ნატო-სთან გვაახლოებს, რაც რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტია.

"მრავალეროვნული სწავლება „მტკიცე სული”, რომლის დახურვის ცერემონიაზეც დღეს ვიმყოფებით, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სწავლებაა. ის ფაქტი, რომ მასში ნატო-ს წევრი და პარტნიორი 15 ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეები მონაწილეობენ, თანხვედრაშია და ეხმიანება საქართველოს გაცხადებულ პოლიტიკას, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასთან დაკავშირებით. მრავალეროვნული სწავლება ყოველწლიურად გვაახლოებს ნატო-სთან, რაც რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტია და გვაძლევს საშუალებას, ვუპასუხოთ თანამედროვე მსოფლიოს წინაშე არსებულ გამოწვევებს. სიამაყით უნდა აღვნიშნო, რომ სტრატეგიულ პარტნიორებთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ნატო-სთან თანამშრომლობა არასდროს ყოფილა ისეთი მჭიდრო, როგორიც არის დღეს. ჩვენს ქვეყანას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცებაში და არ ვიშურებთ ძალისხმევას იმისათვის, რომ გავზარდოთ ალიანსთან თავსებადობა. მეტი ნატო საქართველოში - დარწმუნებული ვარ ეს გზავნილი გვაერთიანებს ყველას, მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა. ამის ბრწყინვალე მაგალითია პარლამენტის მიერ შემუშავებული საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის მხარდაჭერის შესახებ ერთობლივი განცხადება, რომელსაც ყველა საპარლამენტო პარტიამ მოაწერა ხელი.

საქართველოსა და სწავლებაში ჩართული ნატო-ს წევრი და პარტნიორი სახელმწიფოების მიდგომას, რომ საერთო ძალისხმევით შევქმნათ უსაფრთხო და სტაბილური გარემო, ასახავს სწორედ ამ სწავლების მთავარი გზავნილი - "ძალა პარტნიორობაშია."

დღეს, 6 აგვისტოს, ყველანი ერთად, კიდევ ერთხელ პატივს მივაგებთ და ქედს ვიხრით ჩვენი გმირების წინაშე, რომლებმაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას თავი შესწირეს. ჩვენი ქვეყნის უმთავრეს გამოწვევად კვლავაც რჩება ოკუპაცია! სტრატეგიული მოკავშირეების თანადგომითა და უწყვეტი მხარდაჭერით, საქართველო ახორციელებს სამშვიდობო პოლიტიკას დეოკუპაციისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის. განვმეორდები, ძალა ნამდვილად პარტნიორობაშია," - განაცხადა კახა კუჭავამ.

დღის ამბები