23 იანვარი 2022,   20:29
ვრცლად
არავითარი ღირებულება არ აქვს საუბარს, თუ ეს გადის ქვეყნის სუვერენიტეტის ხარჯზე - უმრავლესობაში ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენელის განცხადებას პასუხობენ

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის მიერ გაკეთებულ განცხადებას, იმასთან დაკავშირებით, რომ მზად არიან ურთიერთობების აღსადგენად, თუ ამის მზადყოფნა ქართულ მხარესაც ექნება, მმართველ პარტიაში ეხმაურებიან. "ქართული ოცნების" წევრი მიხეილ სარჯველაძე მიიჩნევს, რომ ქვეყნის სუვერენიტეტის ხარჯზე დაწყებულ  საუბარს არავითარი ღირებულება არ აქვს.

"არავითარი  ღირებულება არ აქვს არაფერზე საუბარს, თუ ეს გადის ქვეყნის სუვერენიტეტის, ჩვენი ხალხის არჩევანის ხარჯზე მიღებულ გადაწყვეტილებებზე. ეს არის გამორიცხული. არ მგონია, რომ ამ შემთხვევაში ასეთი ტიპის განცხადებები და დიპლომატია შედეგზე ორიენტირებული იყოს რუსეთის ფედერაციის მხრიდან," - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

"ქართული ოცნების" წევრი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს დამოკიდებულება სხვა ქვეყნებთან იმის შესაბამისია, თუ რა დამოკიდებულება აქვთ მათ საქართველოს სუვერენიტეტთან დაკავშირებით:

"დღეს ასეთი მოცემულობა გვაქვს, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები, ევროკავშირი, ნატო პატივს სცემენ საქართველოს დამოუკიდებლობას და ბუნებრივია გვაქვს მათთან ძალიან კარგი და ინტენსიური ურთიერთობა და რუსეთის ფედერაციას ამ ეტაპამდე აქვს ოკუპაციის რეჟიმი და ბუნებრივია საგარეო კურსი იქნება ისეთივე, როგორიც იქნება დამოკიდებულება ჩვენი მეზობლების თუ უცხოეთის სახელმწიფოების საქართველოს მიმართ," - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

დღის ამბები