23 იანვარი 2022,   06:48
ვრცლად
პროტესტი "სნიკერსის" წინააღმდეგ - შოკოლადის მწარმოებელი ჰომოფობიის გაღვივებაში დაადანაშაულეს

"სნიკერსმა" ესპანეთში საკამათო სატელევიზიო რეკლამა გაავრცელა, რომელიც საზოგადოებამ ჰომოფობიის გამო მკაცრად გააკრიტიკა. ამის შესახებ BBC წერს.

20 წამიანი რეკლამა გვიჩვენებს, რომ "სნიკერსის" ჭამის შემდეგ, მამაკაცი "ნამდვილ" სახეს იბრუნებს და ხმაც უბოხდება. 

ვიდეო ამ კვირაში ვირუსულად გავრცელდა, ადამიანებმა კი ერთმანეთს "სნიკერსის" ბოიკოტისკენ მოუწოდეს.

შოკოლადის ბრენდმა, რეკლამის და გაუგებრობის გამო ბოდიში მოიხადა.

რეკლამას სოციალურ ქსელში ბრალდებების ტალღა მოჰყვა, ისინი ამბობენ, რომ ბრენდი გეი მამაკაცებს შეურაცხყოფს.

"სამარცხვინო და სამწუხაროა, რომ ამ ეტაპზე არსებობენ კომპანიები, რომლებიც აგრძელებენ სტერეოტიპების გაღვივებას და ამით ხელს უწყობენ ჰომოფობიას,"- წერს ლესბოსელების, გეებისა და ბისექსუალების სახელმწიფო ფედერაცია.

კრიტიკას შეუერთდა ესპანეთის თანასწორობის მინისტრი ირენ მონტეროც.

"მე მაინტერესებს ვის შეიძლება მოეჩვენოს კარგ იდეად - გამოიყენოს ჰომოფობია, როგორც ბიზნეს სტრატეგია," - დაწერა მან Twitter- ზე.

პროტესტის შემდეგ, Snickers Spain-მა განაცხადა, რომ ის წაშლიდა რეკლამას და ბოდიში მოიხადა ნებისმიერი გაუგებრობისთვის, რაც ამ ვიდეო-რეკლამამ გამოიწვია. მათ რეკლამის შინაარსი რადიკალურად სხვა კონტექსტით ახსნეს:

"ამ კონკრეტულ კამპანიაში, მიზანი იყო მეგობრულად გადმოგვეცა, რომ შიმშილს შეუძლია შეცვალოს თქვენი ხასიათი. არავითარ შემთხვევაში არ ყოფილა გამიზნული რომელიმე ადამიანის ან ჯგუფის შეურაცხყოფა. ჩვენ თანაბრად ვიღებთ თანაბარ უფლებებს და გვინდა სამყარო, სადაც ყველა თავისუფალია. ჩვენ გვჯერა, რომ როგორც დამსაქმებელი კომპანია, გვაქვს როლი და პასუხისმგებლობა რათა ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ სამყაროს შექმნაში," - ნათქვამია ინტერნეტში გამოქვეყნებულ განცხადებაში.

 

დღის ამბები