18 იანვარი 2022,   02:19
ვრცლად
54 დღე თვითმმართველობის არჩევნებამდე - როგორ აპირებენ პარტიები წინასაარჩევნო კამპანიის უსაფრთხო გარემოში ჩატარებას   

თვითმმართველობის არჩევნებამდე 54 დღე რჩება. ქვეყნის ეპიდსიტუაცია კი ამ ეტაპზე ყოველდღიურად რთულდება. "ქართული ოცნება" იღებს ვალდებულებას, რომ მისი წარმომადგენლები კომისიებში და პარტიის სახელით არჩევნებში აქტიურად ჩართული ადამიანები, მაქსიმალურად იქნებიან ვაქცინირებულები და დაიცავენ კოვიდრეგულაციებს

მმართველი პარტიის წევრები ამბობენ, რომ მთავარი ამოცანაა არჩევნები ჩატარდეს არა მხოლოდ სამართლიან და გამჭვირვალე გარემოში, არამედ კოვიდუსაფრთხო გარემოშიც.

"ჩვენ ვიმოქმედებთ ისე, როგორც არსებული პანდემია მოგვცემს შესაძლებლობას. უამრავი საშუალება არის კამპანიის ჩატარების და გამოვიყენებთ ყველა იმ მეთოდს, რომ მაქსიმალურად დავიცვათ მოსახლეობა. ყველამ უნდა შეძლოს ვაქცინის გაკეთება, ასევე ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებმა, რომ დავიცვათ საკუთარი თავი და დავიცვათ ირგვლივ მყოფი ადამიანები,“ - აცხადებს კახა კალაძე.

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრი, შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ საარჩევნო კომისიებში მათი პარტიული წევრები ვაქცინაციის პროცესში მაქსიმალურად ჩაერთვებიან. 

"ჩვენი პარტიული წევრები ვინც იქნებიან, ისინი ყველა აიცრებიან, ასევე მოვუწოდებთ სხვა პარტიებს რომ მათი პარტიული წევრები აცრილი იყვნენ და გვქონდეს საარჩევნო კომისიები, რომლებიც სრულად იქნებიან აცრილები და ამ კუთხით იქნება უსაფრთხო გარემო. რა თქმა, საარჩევნო კამპანია გულისხმობს ასევე იმას, რომ მოსახლეობას გავაცნოთ ჩვენი გეგმები, აქედან გამომდინარე, შეხვედრები თავისთავად იქნება.“ - აცხადებს შალვა პაპუაშვილი. 

კოვიდ პანდემიიდან გამომდინარე, წინასაარჩევნო პროგრამაში ცვლილებები შეიტანეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა. ისინი მაქსიმალურად ცდილობენ, რომ კამპანია იყოს დისტანციური და უსაფრთხო. პოლიტიკური ჯგუფის "გირჩის" წევრები ამბობენ, რომ მათი კამპანია ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას კარგად ერგება. 

"კარდაკარის მაგივრად ჩვენ გვაქვს "ზუმდაზუმი". "ზუმდაზუმის" ფარგლებში ჩვენ ვირტუალურად ვარჩევთ კანდიდატებს მთელ საქართველოში," - აცხადებს ვახტანგ მეგრელიშვილი.

წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარების პროცესში ცვლილებებს შეიტანს პოლიტიკური ჯგუფი ”მოქალაქეები”.  ლევან იოსელიანი ამბობს, რომ ამომრჩევლებთან შეხვედრები ღია სივრცეში უსაფრთხოების მაქსიმალური დაცვით შედგება. 

"ალბათ ვერ შევძლებთ კარდაკარის ჩატარებას იმ მასშტაბით, რა მასშტაბითაც გვქონდა დაგეგმილი. თუმცა, ღია სივრცეში შეხვედრებს შევეცდებით რომ მაინც ჩავატაროთ უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით. ვინც მუშაობს ჩემთან აქ პარლამენტში, ვინც არის ჩვენთან ოფისში, ყველას ვთხოვეთ და მოვთხოვეთ, რომ გაეკეთებინათ აცრა და რა თქმა უნდა, ყველა აცრილია,“ - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

დღის ამბები