22 იანვარი 2022,   06:54
ვრცლად
"ქართულმა ოცნებამ" წალკის მერობის კანდიდატი წარადგინა

"ქართულმა ოცნებამ“ წალკის მერობის კანდიდატი წარადგინა. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მმართველი პარტიიდან კენჭს კვლავ ილია საბაძე იყრის. კანდიდატის წარდგენის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც დაესწრო. ღონისძიებაზე იმ გეგმების შესახებ ისაუბრეს, რომელიც რეგიონის განვითარებისთვის ეტაპობრივად განხორციელდება.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, "ქართული ოცნება" არის ის ძალა, რომელმაც როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური სიტუაცია პროგნოზირებადი და სტაბილური გახადა.

"ჩვენ ვართ ის ძალა, რომელმაც განაპირობა და მოიტანა ქვეყანაში გრძელვადიანი, უწყვეტი მშვიდობიანი და სტაბილური პერიოდი.

ადამიანს სჭირდება სტაბილურობის განცდა. მას სჭირდება პროგნოზირებადი მომავალი. აი, სწორედ ეს პროგნოზირებადი მომავალი გარანტირებული გვაქვს იმიტომ, რომ ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობამ იცის, რომ ჩვენი პარტია, ხელისუფლება არის პასუხისმგებლიანი პარტია და ჩვენ არაფერს ისეთს არ გავაკეთებთ, რითაც საფრთხეში ჩავაგდებთ ჩვენს სახელმწიფოს და ჩვენს მოსახლეობას. ახლა ჩვენ სრული მობილიზება გვჭირდება იმისთვის, რომ ძალიან ღირსეულად, ძლიერად გავიმარჯვოთ მოახლოებულ არჩევნებში.

თვითმმართველობის არჩევნები არის უმნიშვნელოვანესი ,ყველა მუნიციპალიტეტში, ყველა ქალაქში, ყველა სოფელში ჩვენ უნდა ჩავიდეთ. მერი უნდა ჩავიდეს ყველა სოფელში, ყველა უბანში უნდა შევიდეს, მოსახლეობას ელაპარაკოს და ადგილზე გადაუწყვიტოს ყველა პრობლემა. მეგობრებო, მოსახლეობას სჭირდება ზრუნვა," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შეკრებილებს სიტყვით მიმართა მერობის კანდიდატმაც, ილია საბაძის თქმით, მან ზუსტად იცის, რა სჭირდება წალკას და რა უნდა გაკეთდეს მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის.

ცერემონიას ესწრებოდა პარლამენტის თავმჯდომარეც, მან წალკის პოტენციალზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, როგორც ადგილობრივი წარმოების, ასევე ტურისტულ პოტენციალს წალკაში.

დღის ამბები