22 იანვარი 2022,   06:09
ვრცლად
როცა დავინიშნე პრემიერად, ქვეყანაში არც ვაქცინები გვქონდა, ეკონომიკა იყო ჩაკეტილი, მოკლე დროში შევძელით დასტაბილურება, ამას სჭირდება შენარჩუნება - ირაკლი ღარიბაშვილი

ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე, დღეს პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ ისაუბრა.

მთავრობის მეთაურმა მოსახლეობას აცრისკენ მოუწოდა და კოვიდ ვითარების ფონზე, საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ლარი არის სტაბილური და ეკონომიკური ზრდის ტემპით ერთ-ერთი მოწინავე ვართ მთელ მსოფლიოში.

"ხუთი თვის წინ, როცა მე დავინიშნე პრემიერ-მინისტრად, მაშინ ქვეყანაში არც ვაქცინები გვქონდა, ლარი იყო 3,5-ზე, ეკონომიკა იყო ჩაკეტილი და გაჩერებული ყველაფერი, გვქონდა ჩვენ კომენდანტის საათი, შეზღუდვები და ასე შემდეგ. იყო სრული პესიმიზმი და ნიჰილიზმი, ამას ემატებოდა ის საბოტაჟი და ხელოვნური პოლიტიკური კრიზისი, რომელიც იყო ქვეყანაში.

დღეს რა ვითარება გვაქვს, ლარი არის სტაბილური. მაქსიმალურად ამ მოკლე დროში შევძელით, ხუთ თვეში შევძელით დასტაბილურება და ჩამოვიდა, 40 პუნქტით გამყარდა. ამას გარდა, ეკონომიკური ზრდის ტემპით ვართ ერთ-ერთი მოწინავე მთელ მსოფლიოში. ამას სჭირდება შენარჩუნება.

ჩვენ გავიხსენოთ წინა წელი, რომ გამოვკეტეთ სახლებში ადამიანები და შემდეგ 200 ლარები დავურიგეთ, არის ეს საკმარისი იმისთვის, რომ ადამიანმა შეძლოს ნორმალურად ცხოვრება?! რა თქმა უნდა არა. ჩვენ გვინდა, რომ გავიმეოროთ იგივე? მე ვფიქრობ არა, ამიტომ ჩვენ ეს ოქროს შუალედი უნდა დავიჭიროთ. სიტუაცია მშვიდად და ცივად უნდა ვმართოთ.

დავაჩქარეთ მაქსიმალურად პროცესი და დღეს მივიღეთ მილიონზე მეტი დოზა Pfizer საქართველოში. მილიონი ცალკე, რომელიც ჩვენ ვიყიდეთ და ნახევარი მილიონი პრეზიდენტი ბაიდენის საჩუქარი საქართველოს. თუ ჩვენ, მოქალაქეები არ დავეხმარებით ჯანდაცვის სისტემას და ჩვენს ექიმებს, არ ავყვებით ამ ფერხულში, რასაც ჰქვია ვაქცინაცია და აცრა, იქნება ძალიან ცუდი სამსახური ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი თავისთვის. მარტივად რომ ვთქვათ, აცრა გვიცავს სიკვდილისგან,"- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ამბები