23 იანვარი 2022,   06:00
ვრცლად
2012 წელს, კახეთში მეღვინეობის კომპანიების რიცხვი არ აღემატებოდა 39-ს, ახლა 300-ზე მეტია - ირაკლი ღარიბაშვილი

"ქართული ოცნება" ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მერობის კანდიდატების წარდგენას აგრძელებს. საქართველოს პრემიერ მინისტრმა მოსახლეობას ყვარლის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი წარუდგინა. ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში "ოცნების" სახელით კენჭს გივი ზაუტაშვილი იყრის.

კანდიდატის წარდგენისას ამომრჩეველს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმაც მიმართა, რომელმაც აღნიშნა, რომ 2012 წლის შემდეგ კახეთში მეღვინეობის კომპანიების რაოდენობა 39-დან 300-მდე გაიზარდა. 

"ვიმყოფებით რა ჩვენი მთავარი იდეოლოგის, ჩვენი ერის მამის, ილია ჭავჭავაძის მიწაზე, ეს კიდევ ერთხელ გვახსენებს პასუხისმგებლობას ჩვენი მართლაც უნიკალური ქვეყნის და უნიკალური ხალხის წინაშე. ამიტომაც, ამ სულისკვეთებით უნდა გავაგრძელოთ მუშაობა - მშვიდად, მტკიცედ და სტაბილურად, უნდა შევიტანოთ განვითარება ყველა რეგიონში.

ვიმყოფებით რა კახეთში, უნდა შევახსენოთ მოსახლეობას, რომ კახეთში მანამდე რაც ხდებოდა - მევენახეობის მიმართულებით, იყო სერიოზული პრობლემა, 2012 წელს, როცა მოვედით. მაშინ მეღვინეობის კომპანიების საერთო ჯამი არ აღემატებოდა 39-ს. დღეს არის 300-ზე მეტი ადგილობრივი, ქართული, ძლიერი კომპანია და იქმნება ძალიან დიდი დოვლათი. გაშენდა 6400 ჰექტარი ახალი ვენახი,"-განაცხადა პრემიერმა. 

რეგიონის განვითარებაზე ისაუბრა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმაც, რომლის განცხადებით, კახეთის რეგიონში შეღავათიანი აგროკრედიტის გაცემა, 2012 წლის შემდეგ, მნიშვნელოვნად გაზრდილია. 

"მთელი სოფლის მეურნეობის საკრედიტო დაფინანსება 2012 წლისთვის 50 მილიონ ლარს შეადგენდა. მხოლოდ ყვარლის მუნიციპალიტეტში შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში 400 მილიონი ლარის სესხია გაცემული, სადაც სახელმწიფო თანადაფინანსებას აკეთებს. მთელს საქართველოში ეს რამდენიმე მილიარდია, ხოლო კახეთის რეგიონში ორ მილიარდამდე ლარი. კახეთი ლიდერია სოფლის მეურნეობაში, პროგრამების ათვისებაში და მას აქვს კიდევ უფრო მეტი პოტენციალი, რომ ამ პროგრამებით ისარგებლოს,"-განაცხადა მინისტრმა. 

დღის ამბები