17 იანვარი 2022,   10:59
ვრცლად
47 დღე არჩევნებამდე და ოპოზიციური პარტიების ჯერ კიდევ უცნობი კანდიდატები - მმართველი გუნდი ოპონენტებს გაბანკროტებულად მიიჩნევს

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 47 დღე რჩება. ოპოზიცია მერობის და მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენას აგრძელებს. ხელისუფლების ოპონენტების ნაწილმა უკვე დაასახელა ის კანდიდატები, რომლებიც მონაწილეობას მიღებენ მოახლოებულ არჩევნებში, თუმცა ოპოზიციის დიდი ნაწილის კანდიდატების ვინაობა უცნობია.

რა კონფიგურაციით წარდგება ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებზე - ამ კითხვაზე პარტიებს, რომლებსაც ჯერ კიდევ არ ჰყავთ კანდიდატები დასახელებული, თითქმის ერთსა და იმავეს აცხადებენ, რომ მათი გეგმები საზოგადოებისთვის ცნობილი მალე გახდება.

"საზოგადოებას რამდენიმე დღეში წარვუდგენთ ჩვენს ხედვას იმის თაობაზე თუ რა კონფიგურაციაში ვიბრძოლებთ იმისათვის, რომ ივანიშვილი დამარცხდეს. ნებისმიერი ჩვენი ძალისხმევა მიმართულია იმ საერთო ოპოზიციური მიზნისაკენ, რომელიც გახლავთ ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება. ჩვენი კანდიდატები იქნებიან რა თქმა უნდა ახალი სახეებიც და იქნებიან რა თქმა უნდა ახალი სახეებიც და იქნებიან საზოგადოებისთვის უკვე ძალიან ცნობილი სახეებიც. ჩვენ, როგორც ყოველთვის, ვემხრობით ისეთი ტიპის მიქსს, რომელიც საზოგადოებას სთავაზობს ძალიან დიდ სიახლეს," - განაცხადა "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა გრიგოლ გეგელიამ.

"სტრატეგია აღმაშენებლის" პოლიტსაბჭოს წევრის სერგო ჩიხლაძის განცხადებით, პარტიას საკუთარი კანდიდატები ეყოლება, რომლებსაც 1-ლ სექტემბრამდე დაასახელებენ.

"გიორგი ვაშაძე არ იქნება არსად წარმოდგენილი, არც მაჟორიტარად, არც მერობის კანდიდატად. ჩვენ გვეყოლება ჩვენი კანდიდატები, შესაბამისად, თუ ჩვენი კანდიდატები გვეყოლება, სხვას როგორ დავუჭერთ მხარს და ზოგადად, ჩვენი მიზანი არის, რომ ოპოზიციამ მთლიანობაში, რა კონფიგურაციითაც არ უნდა იყოს, ავიღოთ ჯამურად მეტი ხმები," - განაცხადა მან.

მმართველ გუნდში კი მიიჩნევენ, რომ ოპოზიციის მიერ კანდიდატების წარდგენის გაჭიანურება მათ გაბანკროტებაზე მეტყველებს. ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, ოპოზიციამ თვითმმართველობის არჩევნები ფაქტობრივად ჩააგდო.

"იციან, რომ წარმატებას ვერ მიაღწევენ. იციან ის, რომ მათ საკადრო რესურსი არ გააჩნიათ, რომ თვითმმართველობაზე ახალი შემადგენლობა შესთავაზონ. ამიტომ არის, რომ ხან მამას სთავაზობენ, ხან ძირითადად ისევ დეპუტატები დგებიან ადგილზე.

ეს კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს იმაზე, რომ პოლიტიკური ოპოზიცია ფაქტობრივად გაბანკროტებულია, მათ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ფაქტობრივად ჩააგდეს როგორც პოლიტიკურმა პარტიებმა და ძირითადად მათი ეს ბრჭყალებში საარჩევნო კამპანია უკავშირდება, რომ რამენაირად დესტრუქცია შექმნან და რამენაირად 2021 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ იქნებ კიდევ ერთხელ 2020 წლის სცენარის განმეორება," - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა.

დღის ამბები