17 იანვარი 2022,   11:17
ვრცლად
საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა დაიწყო - რა მოლოდინებია "ქართულ ოცნებასა" და ოპოზიციაში

პარლამენტში ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა დაიწყო. საორგანიზაციო კომისია შეხვედრას ქუთაისში მართავს. ცვლილებები მომდევნო ორი საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბარიერის 2%-მდე დაწევას, ფრაქციის შექმნისთვის საჭირო დეპუტატთა რაოდენობის შემცირებას და გენერალური პროკურორის არჩევის წესის შეცვლას ითვალისწინებს.

სახალხო განხილვაში ერთვება საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილიც. "ნაციონალურ მოძრაობაში" კი ამბობენ, რომ ისინი მხოლოდ კენჭისყრაში მიიღებენ მონაწილეობას.

"მგონი ჩვენს ისტორიაში პირველად მოხერხდა ის, რომ მმართველი პარტიისა და საპარლამენტო ოპოზიციის უმრავლესობის ერთობლივი ინიცირებითაა ეს პროექტი დადებული. უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში მაინც ჩვენ დავიცვათ ის შეთანხმება. თუ კიდევ ვინმე რაიმე მიზეზის გამო უკან წაიღებს თავის ნათქვამ სიტყვას, ეს ისევ შეაფერხებს ქვეყნის წინსვლას და ეს უნდა შევწყვიტოთ ჩვენ როგორმე," - აცხადებს "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი დავით უსუფაშვილი.

პარლამენტის ფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის" წევრი თეონა აქუბარდია ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის აღნიშნული ცვლილებების განხორციელებას მნიშვნელოვანს უწოდებს და იმედს გამოთქვამს, რომ მმართველი პარტია, შარლ მიშელის შეთანხმების მსგავსად ამ შეთანხმებიდანაც არ დაიხევს უკან.

პარტია მოქალაქეების წევრის ლევან იოსელიანის თქმით, ქვეყანაში ორპოლუსიანობის დასასრულებლად საჭიროა მრავალპარტიულობა, ამისთვის კი მნიშვნელოვანია დაბალ ბარიერი, რასაც აღნიშნული საკონსტიტუციო ცვლილება ითვალისწინებს.

"ქართული ოცნების" წევრის შალვა პაპუაშვილის თქმით, მას შემდეგ რაც 19 აპრილის შეთანხმების ანულირება მოხდა, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით განხილვებმა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი დატვირთვა შეიძინა:

"18 აგვისტოს საორგანიზაციო კომისია დაასრულებს თავის მუშაობას და შეაჯამებს ამ მთლიან პროცესს და შემდგომ უკვე საპარლამენტო პროცედურები დაიწყება, რაც შეეხება შინაარსს ამ განხილვებისა, როგორც იცით, მას შემდეგ რაც 19 აპრილის შეთანხმება ანულირდა, ამ განხილვებს უფრო მეტი და კონსტიტუციით განსაზღვრული დატვირთვა აქვს უკვე, ვინაიდან ამ განხილვებში შევდივართ არა წინასწარ ცნობილი შედეგით, არამედ იმისთვის, რომ გავმართოთ დისკუსია და ვიმსჯელოთ რა იქნება ყველაზე კარგი გადაწყვეტა ჩვენი ქვეყნისთვის,"- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები