20 იანვარი 2022,   08:07
ვრცლად
"ევროპულმა საქართველომ" რეგიონებში მერობის კანდიდატები წარადგინა - რა გეგმები აქვს დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს

"ევროპულმა საქართველომ" რეგიონებში მერობის კანდიდატები წარადგინა. "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე გიგა ბოკერიას დღეს კონკრეტულ სახელებსა და გვარებზე არ უსაუბრია, თუმცა დაასახელა მუნიციპალიტეტები, სადაც საერთო ოპოზიციური კანდიდატები წარდგებიან. მათ შორის, როგორც გიგა ბოკერიამ განმარტა, 12 მუნიციპალიტეტში "ევროპულ საქართველოს" საკუთარი კანდიდატი ეყოლება, ხოლო 2 მუნიციპალიტეტში: ხონსა და თერჯოლაში პარტიას ეყოლება კანდიდატი, რომელსაც სხვა პარტიები კონკურენტებს არ დაუყენებენ.

"ხონში - ზურა ჯიბუხაია, თერჯოლაში - ზურაბ ბუცხრიკიძე, "ევროპული საქართველოს" წარდგენილი კანდიდატები არიან სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებთან შეთანხმებული საერთო კანდიდატები," - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ენმ-ს წევრ დავით კირკიტაძის განცხადებით, საქართველოში 5-6 მუნიციპალიტეტში "ნაციონალური მოძრაობა" დამოუკიდებელ კანდიდატს ან სხვა პოლიტიკური პარტიის მიერ წარმოდგენილ კანდიდატს დაუჭერს მხარს, რაც საერთო შეთანხმების ნაწილია. რაც შეეხება მაჟორიტარობის კანდიდატებს, დავით კირკიტაძის თქმით, ამ საკითხშიც გარკვეულ შეთანხმებებს ექნება ადგილი.

პარტიას "გირჩი - მეტი თავისუფლება" შეძლებისდაგვარად რეგიონებში ეყოლება თავისი კანდიდატები, თუმცა, როგორც პარტიაში აცხადებენ, იქნება ისეთი რეგიონებიც, სადაც საკუთარი კანდიდატი არ ეყოლებათ.

"ძირითადი შეთანხმების ლოკაცია არის თბილისი."გირჩი - მეტი თავისუფლებას" ეყოლება 4 კანდიდატი და დანარჩენ 6 ოლქს გადაინაწილებს "დროა" და "ევრუპული საქართველო," - ამბობს პარტიის წევრი ცოტნე კობერიძე.

რაც შეეხება "გირჩს", მაჟორიტარ კანდიდატებს პარტია კვირის ბოლოს წარადგენს, ხოლო მერობის კანდიდატები, ალექსანდრე რაქვიაშვილის თქმით, პარტიას არ ეყოლება.

მმართველ გუნდში კი კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ოპოზიცია არჩევნებისთვის მზად არ არის. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გურამ მაჭარაშვილის თქმით, ოპოზიციამ საზოგადოებას ვერაფერი შესთავაზა გარდა იმისა, რომ წარსული გაახსენა. მისივე განცხადებით, ეს ნიშნავს იმას, რომ ოპოზიციის რესურსი ამოწურულია.

"გულწრფელად ვამბობ, ჩვენ ნამდვილად გვინდა, რომ ოპოზიციაში იყოს ჯანსაღი ძალები, რომლებიც ჩვენ გაგვაკრიტიკებს ჯანსაღად და ბუნებრივია, რომ ნებისმიერი ხელისუფლება როდესმე მიდის ხელისუფლებიდან, მაგრამ მიდის იმ შემთხვევაში, როდესაც საზოგადოება ხედავს, რომ მასზე უკეთესი პოლიტიკური ძალა უკვე არსებობს," - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი ზარქუას განცხადებით, მიუხედავად ხარვეზებისა და შეცდომებისა, მოსახლეობის უმრავლესობას "ქართული ოცნება" ეიმედება და მისივე თქმით, ეს მხოლოდ მმართველ პარტიას ძალუძს.

დღის ამბები