18 იანვარი 2022,   02:14
ვრცლად
შვიდ თვეში ექსპორტი 28 %-მდე გაიზარდა - საქსტატი

საქსტატის ინფორმაციით, შვიდ თვეში ექსპორტი 28 %-მდე გაიზარდა. მთავარი საექსპორტო ქვეყნებია ჩინეთი, რუსეთი და თურქეთი.

2021 წლის იანვარ-ივლისში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ 2.27 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 27.8 %-ით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე.

ექსპორტი რეექსპორტის გარეშე (ადგილობრივი ექსპორტი), მთლიანი ექსპორტის 73.1%ს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 30.7 %-ით გაიზარდა და 1. 66 მილიარდ დოლარს გაუტოლდა.

2021 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 79.8 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: ჩინეთი (352.2 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (293.9 მლნ. აშშ დოლარი) და თურქეთი (180.1 მლნ. აშშ დოლარი)

2021 წლის იანვარ-ივლისში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრატები 465.9 მილიონი დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 28.0 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ფეროშენადნობები 228.5 მილიონი დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 13.7 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს ყურძნის ნატურალური ღვინოები 123.9 მილიონი დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.4 პროცენტი).

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 7,481.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 21.7 %-ით მეტია.

საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის იანვარ-ივლისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 70.4 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან თურქეთი – 1,107.3 მლნ. აშშ დოლარით, რუსეთი – 868.0 მლნ. აშშ დოლარითა და ჩინეთი – 829.9 მლნ. აშშ დოლარით.

დღის ამბები