23 იანვარი 2022,   07:34
ვრცლად
"ჩემს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, მითხრეს, რომ რეჟიმი შეიცვალა და სახლში წასვლა მიბრძანეს " - ავღანელი ჟურნალისტი დახმარებას ითხოვს 

"თალიბანი" ავღანეთის მთავრობის ფორმირებისთვის ემზადება. რადიკალური დაჯგუფება ძალებს იკრებს. ისინი უკვე აკონტროლებენ ქუჩებს, სტრატეგიულ ობიექტებზე კი მათი დროშები ფრიალებს. სულ მალე კი ცნობილი გახდება, ქვეყნის მართვის სტრატეგია. თუმცა, როგორც უცხოურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, თალიბანი არ აპირებს ავღანეთში დემოკრატიის დამყარებას. მოსახლეობის ევაკუაციის პროცესი კი გრძელდება.

"ექვსი წელია ჟურნალისტი ვარ. ტელევიზიაში ვმუშაობდი. როდესაც გავიგე, რომ სისტემის წესები შეიცვალა, გამბედაობა მოვიკრიბე, რაც მქონდა, და ოფისში მივედი. მაგრამ თალიბანის მებრძოლებმა, მუშაობის უფლება და შესაძლებლობა არ მომცეს. მათ მითხრეს, რომ რეჟიმი შეიცვალა. და სახლში წასვლა მიბრძანეს. მე ვთხოვ მსოფლიოს დამეხმაროს, რადგან ჩემს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება,"- განმარტავს ავღანელი ჟურნალისტი.

ავღანეთის ყოფილი პრეზიდენტი აცხადებს, რომ მასი ქვეყნის მიტოვების განზრახვა არ ჰქონია. აშრაფ ღანის თქმით, ის ქვეყანაში დაბრუნებისთვის კონსულტაციებს მართავს.

"იძულებული გავხდი დამეტოვებინა ავღანეთი ტრადიციული ტანსაცმლით, ჟილეტით და სანდლებით, რაც მეცვა. მე არ მქონია გაქცევის და ქვეყნის მიტოვების განზრახვა. ამჟამად ვარ ემირატებში სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად. ახლა ვატარებ კონსულტაციებს და ვაპირებ დავბრუნდე, რომ ავღანელებისთვის სამართლიანობა ვუზრუნველყო, რათა აღდგეს რეალური ისლამური ღირებულებები და ეროვნული მიღწევები. მადლობელი ვარ უსაფრთხოების და თავდაცვის ძალების და ვამაყობ მათით. ისინი არ დამარცხებულან. ჩვენ დავმარცხდით პოლიტიკაში. ეს იყო მთავრობის ხელმძღვანელობის მარცხი და ასევე საერთაშორისო მოკავშირეების პოლიტიკური მარცხი. ეს იყო სამშვიდობო პროცესის წარუმატებლობა. (აშშ) ტრამპის ადმინისტრაციამ წინასწარ განსაზღვრა, რომ სამშვიდობო პროცესი უნდა ეფუძნებოდეს ავღანელთა გამოცდილებას და საერთაშორისო სტანდარტებს, მაგრამ ეს არ მოხდა,"- აცხადებს აშრაფ ღანი.

დღის ამბები