17 იანვარი 2022,   11:36
ვრცლად
არიან თუ არა საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრებში "ქართული ოცნების" შემომწირველები - "20/20"-ის კრიტიკას მმართველ პარტიასა და ცესკოში პასუხობენ

სამოქალაქო პლატფორმა "20/20"-მა 2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების არჩევის შესახებ არაგეგმური ანგარიში მოამზადა. სამოქალაქო პლატფორმა "20/20" მიიჩნევს, რომ საოლქო კომისიების დროებითი წევრების შერჩევისას ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არასათანადო ყურადღება დაუთმო კანდიდატთა პროფესიონალიზმისა და მიუკერძოებლობის შესწავლას. მათ შორის შერჩეულები იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც არიან "ქართული ოცნების" შემომწირველები

ბრალდებას პასუხობენ "ქართულ ოცნებაში". გიორგი ვოლსკის თქმით, გასაკვირი არაა, რომ ამ ადამიანებს შორის შესაძლებელია იყოს "ქართული ოცნების" შემომწირველი რადგან საზოგადოებას აღარ სურს სადისტური რეჟიმის დაბრუნება. გიორგი ვოლსკის თქმით, ის რომ ვინმე "ქართული ოცნების" შემომწირველია არ ნიშნავს იმას, რომ ისინი მიკერძოებულები იქნებიან და რამე ისეთს ჩაიდენენ, რაც სახელმწიფო ინტერესებს არ შეესაბამება.

სამოქალაქო პლატფორმა "20/20"-ს განცხადებით უპასუხა ცესკომაც.

"ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სრულიად ღიად წარმართა საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების არჩევის პროცესი. ამას ვაცხადებთ ცალსახად და შეგვიძლია დაგისაბუთოთ კიდეც აღნიშნული. 
ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ 2020 წელს დაწყებული დისკრედიტაციის კამპანიის გაგრძელება; სამწუხაროდ, კვლავ გვესმის ცალკეული განცხადებები, რომლებიც უცნაურ ბმაშია პოლიტიკური პარტიების ნაწილის პოზიციებთან. ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩევა სამოქალაქო პლატფორმა 20/20 მიერ დღეს გაკეთებული  შეფასებები, რომელიც კვლავ ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და საარჩევნო პროცესის დაზიანების მცდელობას წარმოადგენს. 
არ შეიძლება ასე უპირობოდ აპელირება, რომ დროებითი წევრები არიან მიკერძოებულები და ემსახურებიან რომელიმე პარტიის ინტერესებს. ჩვენ ცალსახად ვაცხადებთ, რომ საოლქო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების პროცესი წარიმართა ღიად, გამჭვირვალედ და კანონმდებლობის სრული დაცვით. 
აღსანიშნავია, რომ ცესკომ საარჩევნო კანონმდებლობით გაწერილი ვადების შესაბამისად გაავრცელა ინფორმაცია ოფიციალურ ვებგვერდზე კონკურსის გამოცხადების შესახებ. ასევე ჩატარდა საინფორმაციო ბრიფინგი ამის თაობაზე და ფართოდ გაშუქდა.   
გარდა ამისა, ცესკოს 15-მა წევრმა მსჯელობის საფუძველზე სამუშაო შეხვედრის ფორმატში, რომელიც ცესკოს facebook-ზე პირველად გადაიცემოდა პირდაპირი ტრანსლაციით, გადაწყვიტა გასაუბრებების ჩატარება კონკურსანტებთან. 311 კონკურსანტიდან თანხმობა 180-მა განაცხადა.  გასაუბრებები თბილისსა და რამდენიმე რეგიონში წარმართეს როგოროც ცესკოში პარტიების მიერ დანიშნულმა წევრებმა ისე პროფესიული ნიშნით არჩეულებმა. გასაუბრებები 13 ლოკაციიდან ასევე პირველად პირდაპირი ტრანსლაციით ცესკოს Facebook-ის მეშვეობით გადაიცემოდა.  ასე, რომ სიცრუესთან უფრო გვაქვს საქმე, როცა ვრცელდება ინფორმაცია თითქოს ცესკომ არასათანადო ყურადღება დაუთმო კანდიდატების შერჩევას. წინასწარ საუბარი იმაზე, რომ არჩეული ადამიანები, რომელიმე პარტიის ინტერესებს ატარებენ რბილად რომ ვთქვათ არასწორია. დროებითი წევრების არჩევისას უმეტესობას საოლქო საარჩევნო კომისიების წევრების უმრავლესობამ მისცა ხმა. 
ყველა ჩართული მხარე პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს იმ ინფორმაციას, რომელსაც აწვდის საზოგადოებას, როგორც მინიმუმ ეს ინფორმაცია უნდა იყოს გადამოწმებული და ეყრდნობოდეს კონკრეტულ ფაქტებს,"- ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.

დღის ამბები