18 იანვარი 2022,   02:17
ვრცლად
"ქართული ოცნების" ლიდერებმა დღეს მერობის და საკრებულოს წევრობის კანდიდატები ლანჩხუთში, ჩოხატაურსა და ოზურგეთში წარადგინეს

"ქართული ოცნება" საარჩევნო კამპანიას გურიაში განაგრძობს. პარტიის ლიდერებმა დღეს მერობის და საკრებულოს წევრობის კანდიდატები ლანჩხუთში, ჩოხატაურსა და ოზურგეთში წარადგინეს. მმართველი გუნდის წევრებმა ყურადღება სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამებსა და ტურიზმზე გაამახვილეს.

ვიდრე პრემიერი ლანჩხუთის მერობის კანდიდატს წარადგენდა, ტრიბუნიდან თქვა, რომ მათი პრიორიტეტი რეგიონში არსებული პრობლემების მოგვარებაა. მთვარობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლის დროს სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამებზეც ისაუბრა.

პრემიერთან ერთად მხარდამჭერებს სიტყვით მიმართეს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა.

პრემიერი ასევე დაბა ნასაკირალში მდებარე ახლად აშენებულ სკოლაში იმყოფებოდა. მთავრობის მეთაურმა 600 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა, შემდეგ კი ოზურგეთში შეკრებილ მხარდამჭერებს მიმართა. შეხვედრაზე იმყოფებოდა პარლამენტის ვიცე-სპიკერი და ოზურგეთის ყოფილი მაჟორიტარიც, სწორედ არჩილ თალაკვაძის ძმაა "ქართული ოცნებიდან" ოზურგეთის მერობის კანდიდატი. ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს კიდევ ერთხელ გააკრიტიკა ოპონენტები.

მერობის კანდიდატებმა დღეს გურიის სამივე ქალაქში ამომრჩევლის წინაშე პირობა დადეს, რომ თითოეული ოჯახის პრობლემას გაეცნობიან და მათ მოგვარებაზე იზრუნებენ. ისინი ამბობენ, რომ გამარჯვების შემთხვევაში ქალაქები და სოფლები კიდევ უფრო მეტად განვითარდება.

გურიის შემდეგ მმართველი გუნდი კანდიდატების წარდგენას სხვა რეგიონებშიც განაგრძობს.

დღის ამბები