18 იანვარი 2022,   10:46
ვრცლად
ავღანეთში ქაოსია, დასავლეთი ხალხის ევაკუაციას განაგრძობს - თალიბანი ნადირობას ააქტიურებს მათზე, ვისაც NATO-სა და ამერიკის ძალებთან რაიმე კავშირი ჰქონდათ

ავღანეთში ქაოსია, დასავლეთი ხალხის ევაკუაციას განაგრძობს - ქაბულიდან ადამიანების გამოსაყვანად თითოეულ დღეს დიდი მნიშვნელობა აქვს, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ თალიბანი ნადირობას ააქტიურებს მათზე, ვისაც NATO-სა და ამერიკის ძალებთან რაიმე კავშირი ჰქონდათ.

ქაბულის აეროპორტს ისევ შტატების ძალები აკონტროლებენ, თუმცა თვითმფრინავებთან მისვლა გართულებულია. მედიის ინფორმაციით, მოწყობილია თალიბანის გამშვები პუნქტები, სადაც აფერხებენ თითქმის ყველას.

ქაოსი ქაბულის აეროპორტსა და მიმდებარე ქუჩებზე კიდევ უფრო დაძაბა სროლის ხმამ. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. თალიბანი ინციდენტის გამოძიებას აანონსებს. სასოწარკვეთილი ავღანელები კი ქვეყნიდან გაქცევას ცდილობენ. კვირიდან დღემდე აეროპორტში მინიმუმ 12 ადამიანი გარდაიცვალა.

ვრცელდება ინფორმაციაა, რომ აეროპორტში მოსახვედრად, ადამიანებმა გამშვები პუნქტები უნდა გაიარონ. ზუსტად რამდენი არ კონკრეტდება. გარანტია, რომ ერთი პუნქტის გავლა აეროპორტში მოხვედრას ნიშნავს არ არსებობს. საერთშორისო მედია ადგილობრივზე დაყრდნობით წერს, რომ თალიბები, ქვეყნიდან გასვლის მსურველებს აფერხებენ, მათ შორის ისეთებსაც, ვისაც დოკუმენტები წესრიგში აქვთ და განსაკუთრებით მათ, ვინც დასავლეთთან თანამშრომლობდა.

გაეროს დოკუმენტში, რომლის შინაარსის ნაწყვეტსაც BBC აქვეყნებს, აღნიშნულია, რომ თალიბანი აპატიმრებს და ემუქრება ოჯახის წევრების მოკვლით ან დაჭერით სამიზნე ინდივიდებს, თუ ისინი თავად არ დანებდებიან თალიბანს.

სროლის ხმა ისმოდა დღეს ქალაქ ასადაბადშიც. სროლა, თალიბანის მხრიდან უკვე მეორედ მოჰყვა, ქვეყნის დროშის აფრიალებას. ამ ინფორმაციას "როიტერი" ადგილობრივზე დაყრდნობით ავრცელებს. წყარო ყვება, რომ აქციაზე , რომელიც ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა, რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა, თუმცა არ აკონკრეტებს, სროლის თუ ჭყლეტვის გამო.

ქვეყნები კი ევაკუაციას განაგრძობენ. გაჰყავთ საკუთარი მოქალაქეები და წლების განმავლობაში დასავლეთთან მომუშავე ავღანელები. პრიორიტეტად რჩებიან ქალები და ბავშვები. ამ დრომდე, შეერთებული შტატების ძალისხმევით, 7000 ადამიანის ევაკუაცია მოხდა, 1200 გაიყვანა დიდმა ბრიტანეთმა, ევაკუირების პროცესში აქტიურად არიან ჩართულები სხვა ევროპული ქვეყნები. სიტუაცია რომ რთულია ამას დასავლეთი აღიარებს. მისი მთავარი საზრუნავი ევაკუაციის გარდა, ლტოლვილების უსაფრთხო და ღირსეული დაბინავებაცაა.

ავღანელ ხალხს თალიბანის დაპირებების არ სჯერა. შიშის ხარისხი იმდენად მაღალია, რომ ადამიანები, რომლებიც ქვეყანას ვერ ტოვებენ, სახლში დარჩენას ამჯობინებენ.

მაშინ, როდესაც თალიბანი საკუთარ წესებს ამკვიდრებს ქვეყანაში, მაშინ როდესაც ავღანეთი ახალი მთავრობის ფორმირების მოლოდინშია, ყოფილი პრეზიდენტი უკვე ორი დღეა დუბაიში იმყოფება. აშრაფ ღანი, რომელმაც ქვეყანა თალიბების ქაბულში შესვლამდე დატოვა, 169 მილიონი დოლარის გატაცებაში დაადანაშაულეს, ექს პრეზიდენტი ბრალდებას უარყოფს.

ქვეყანაში შექმნილ ვითარებაში ავღანეთის ყოფილი ხელისუფლება დაადანაშაულა ჯოზეფ ბაიდენმა, რომელსაც ბოლო დღეების განმავლოაბაში არა ერთხელ მოუწია იმ გადაწვეტილების ახსნა, თუ რატომ გაიყვანა ვაშინგტონმა ავღანეთიდან ძალები.

დასავლეთს კარგად ესმის, რომ ავღანეთიდან ადამიანების გამოსაყვანად თითოეულ დღეს დიდი მნიშვნელობა აქვს. ევაკუაცია და მიგრაციასთან ერთად დასავლეთისთვის მნიშვნელოვანია ავღანეთში ადამიანის უფლებები. ევროპა და ამერიკა პროცესებს გამადიდებელი შუშით აკვირდება.

დღის ამბები