18 იანვარი 2022,   01:34
ვრცლად
"ეს არის ოპოზიციის მესიჯბოქსის გაჟღერება" - გელა ნიკოლაიშვილი იან კელისა და დევიდ კრამერის სტატიაზე

არასამთავრობო ორგანიზაციის "ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის" წარმომადგენელი გელა ნიკოლეიშვილი იან კელისა და დევიდ კრამერის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას ეხმაურება, რომელშიც ნათქვამია, რომ "საქართველომ დასავლეთის კურსს ზურგი აქცია".

გელა ნიკოლაიშვილი მიიჩნევს, რომ მსგავსი განცხადებები ოპოზიციის ე.წ. მესიჯბოქსის გაჟღერებაა. ის განმარტავს, რომ საქართველოს საზოგადოება რუსული ორიენტაციის არის არ არის.

"ამას ჩვენ ვიღებთ საქართველოს საზოგადოების შეურაცხყოფად და რატომ? საქართველოს საზოგადოებამ და მოსახლეობამ აირჩია ეს ხელისუფლება და ლოგიკურად გამოდის, რომ მაშინ საქართველოს მოსახლეობაა რუსეთის ორიენტაციის მომხრე, რაც ასე არ არის.

ან მეორე ვარიანტი, საქართველოს ხელისუფლება ამას აკეთებს და საქართველოს მოსახლეობა ვერ ხვდება. მაშინ ისინი გვეუბნებიან, რომ საქართველოს მოსახლეობა არის ბრიყვი.

ე.ი. არც რუსული ორიენტაციის არის საქართველოს საზოგადოება და არც ბრიყვი არ არის, ამის თქმა გვინდა ჩვენ და ასეთი გამოსვლები და პოზიციების დაფიქსირება, რომ - აი, საქართველომ უღალატა დასავლეთის ორიენტაციას და რუსეთისკენ წავიდა, არა აქვს მნიშვნელობა პენსიონერი აკეთებს თუ მოქმედი თანამდებობის პირი ნებისმიერი ქვეყნის, თორემ, რა თქმა უნდა, ჩვენ ახლა ვერავის ავუკრძალავთ მათი პოზიციების დაფიქსირებას და ამიტომ, მიგვაჩნია ჩვენ, რომ ეს არის ოპოზიციის მესიჯბოქსის გაჟღერება და გახმოვანება; ამიტომ მიგვაჩნია ჩვენ, რომ ეს რეალობას არ შეესაბამება და აქედან გამომდინარე ისინი რაღაცას შეფარულად, შეფუთულად აჟღერებენ, არა როგორც საქართველოს ლობისტები ისე გამოდიან, არამედ როგორც ოპოზიციის ლობისტები ისე გამოდიან," - განაცხადა გელა ნიკოლაიშვილმა.

"საქართველომ დასავლეთს ზურგი აქცია" - ამ სათაურით ვრცელ სტატიას შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალი თანამდებობის პირი დევიდ კრამერი გამოცემა "ფორინ პოლისიში" აქვეყნებენ.

მათი თქმით, მმართველი პარტია მანამ, სანამ დემოკრატიულ ინსტიტუციებს შლის, თბილისს მოსკოვის ორბიტაზე აყენებს. სტატიას თბილისში პოლიტიკოსებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების გამოხმაურებები მოყვა.

დღის ამბები