23 იანვარი 2022,   08:06
ვრცლად
COVID-19-ის დელტა შტამის გამო ქვეყნებში გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა - ირანში ვირუსს 24 საათში 680 ინფიცირებული ემსხვერპლა

COVID-19-ის დელტა შტამის გამო ქვეყნებში გარდაცვალების რეკორდული მაჩვენებლები დაფიქსირდა - ირანში ვირუსს მხოლოდ ერთ დღე-ღამეში 680 ინფიცირებული ემსხვერპლა. მკვეთრად გაიზარდა ინფექციის გავრცელების სტატისტიკაც, რის გამოც ქვეყნების ნაწილმა ლოკდაუნი გამოაცხადა - მათ რიცხვს უკვე შეუერთდა ახალი ზელანდია.

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში გაორმაგებული სტატისტიკის გამო, ამერიკის 6 შტატში ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში საწოლების მხოლოდ 10%-ია თავისუფალი. რეკორდულად არის გაზრდილი დაინფიცირების რიცხვი ახალგაზრდებში. დაავადებულთა უმეტესობა აუცრელი ან არასრულად ვაქცინირებულია.

შტატების მსგავსად რეკორდულად იზრდება ინფიცირების მაჩვენებელი ავსტრალიაშიც. სხვა სახელმწიფოებთან შედარებით ავსტრალიამ პანდემია შედარებით ეფექტურად მართა, თუმცა ვაქცინაციის ნელი ტემპი სიტუაციას ართულებს. ამ დროისთვის მოსახლეობის მხოლოდ 30%-ია სრულად აცრილი.

ვირუსის შესაკავებლად რეგულაციებს ამკაცრებს ახალი ზელანდია, სადაც დღეს მკაცრი ლოკდაუნი გახანგრძლივდა. როგორც პრემიერ-მინისტრი აცხადებს, დელტა ვარიანტის ამჟამინდელ გავრცელებას ჯერ პიკისთვის არ მიუღწევია. კარანტინი ქვეყნის მასშტაბით თვის ბოლომდე გაგრძელდება.

ლოკდაუნის თავიდან ასაცილებლად და ვირუსის დასამარცხებლად სახელმწიფოები მოსახლეობის მესამე ბუსტერ დოზით აცრას განიხილავენ. ისრაელში 40 წლის ასაკიდან პირების აცრა დაიწყეს. გერმანია და შტატები კი მესამე დოზით მოქალაქეებს სექტემბრიდან აცრიან. ჯანდაცვის მსოფლიო ოგანიზაციაში აცხადებენ, რომ ბუსტერ დოზის გამოყენება უნდა გადაიდოს და პრიორიტეტი იმ ქვეყნებში ვაქცინაციის ტემპის გაზრდას მიენიჭოს, სადაც მოსახლეობის მხოლოდ 1%-ია აცრილი.

ამ დროისთვის მასობრივი ვაქცინაცია მსოფლიოს 183 ქვეყანაში მიმდინარეობს. დღეში დაახლოებით 36 მილიონი ადამიანი იცრება. ვაქცინის ყველაზე მეტი, თითქმის 2 მილიარდი დოზა ჩინეთში გამოიყენეს. მას ინდოეთი, ევროკავშირი და შეერთებული შტატები მოჰყვება.

დღის ამბები