22 იანვარი 2022,   06:47
ვრცლად
"ოპოზიციისთვის მაშველი რგოლია" - მმართველ გუნდში არჩევნების გადადების აუცილებლობას ვერ ხედავენ

მმართველ გუნდში არჩევნების გადადების აუცილებლობას ვერ ხედავენ - პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე, ომბუდსმენის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და ვარაუდობს, რომ მსგავსი განცხადებები სხვა მიზანს ემსახურება. მისივე განცხადებით, შესაძლოა არჩევნების გადადების საკითხის წამოწევა ოპოზიციისთვის მაშველი რგოლის ფუნქციის მატარებელი იყოს.

"შარშანდელი გამოცდილებაც ამის დასტურია, რომ შესაძლებელია ერთდროულად საარჩევნო პროცესის წარმართვა ეპიდემიოლოგიური წინდახედულობის გათვალისწინებით. არ მგონია, რომ მხოლოდ ეს იყოს ამ შემთხვევაში მიზეზი ასეთი განცხადებების და ასეთი იდეის გაჩენისთვის. შეიძლება ეს ოპოზიციისთვის იყოს რეალურად ერთგვარი მაშველი რგოლის ფუნქციის მატარებელი იმ ფონზე, როდესაც პრაქტიკულად განწირულები არიან დამარცხებისთვის," - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

როგორც პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, ომბუდსმენი ბევრჯერ დაგვინახავს როგორც პოლიტიკურ-ოპოზიციურ ველზე მოთამაშე ადამიანი და არჩევნების გადადების საკითხი პოლიტიკური მოთხოვნაა ეპიდვითარებასთან არანაირი კავშირი არ აქვს.

"სახალხო დამცველი სამწუხაროდ ჩვენ ძალიან ბევრჯერ ვნახეთ როგორც ერთი პოლიტიკურ ოპოზიციურ ველზე მოთამაშე ადამიანი. დღეს ლაპარაკი იმაზე, რომ არჩევნები უნდა გადაიდოს არის წმინდა წყლის პოლიტიკური მოთხოვნა გამომდინარე იქიდან, რომ მათ არჩევნებზე დამარცხება გარანტირებულად დაინახეს. იმის მაგივრად, რომ მასობრივ ვაქცინაციისკენ მოუწოდონ ხალხს, იმის მაგივრად, რომ წესების დაცვისკენ მოუწოდონ, პირიქით, აკეთებენ ასეთ განცხადებებს," - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

დღის ამბები