22 იანვარი 2022,   07:11
ვრცლად
"ჩავიდინეთ იმდენად ცუდი საქმე, რომელიც ყველასთვის გასაგებია..." - ოპოზიცია შარლმიშელის განცხადებას  მწვავე სიგნალად მიიჩნევს

ოფიციალური ვიზიტის დროს უკრაინაში ირაკლი ღარიბაშვილისა და შარლ მიშელის არაფორმალურ შეხვედრას გამოხმაურებები მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში.

ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ის განცხადება, რომელიც შარლ მიშელმა არაფორმალური შეხვედრის შემდეგ გააკეთა არის მწვავე სიგნალი ხელისუფლების მისამართით, რომ თუკი მათი მხრიდან არ შესრულდება 19 აპრილის შეთანხმება, მაშინ მოსალოდნელია სანქციები.

"ქართულმა ოცნებამ", არა მხოლოდ "ქართულმა ოცნებამ", ოპოზიციამაც ხელი არ მოაწერა მოგეხსენებათ. ჩავიდინეთ იმდენად ცუდი საქმე, რომელიც ყველასთვის გასაგებია, ანუ შინაარსობრივად იყო კონტრაქტი, ხელი მოაწერე, მერე აქედან ცალმხრივად გახვედი. ეს იმდენად ცუდი საქმეა, ნებისმიერ ენაზე, რა ენაზე ლაპარაკობ მნიშვნელობა არა აქვს. თავისთავად ბუნებრივი იყო, რომ ასეთი რეაქცია იქნებოდა," – აცხადებს პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის "გირჩის" თავმჯდომარე იაგო ხვიჩია.

პარტია "ლელოს" პოლიტიკური საბჭოს წევრი საბა ბუაძე აცხადებს, რომ ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯით არა მხოლოდ ქვეყნის საერთაშორისო იმიჯი ზიანდება, არამედ გაცილებით უფრო სერიოზულ პრობლემებზეა საუბარი, რომელიც შესაძლოა ჩვენს ქვეყანას შეექმნას.

"როცა ხელისუფლება ცდილობს, რომ უმაღლეს დონეზე მიღწეულ საერთაშორისო შეთანხმებას მიაყენოს ჩრდილი და თავი აარიდოს ამ ვალდებულების შესრულებას, რა თქმა უნდა ამით ზიანდება ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯი და საერთაშორისო პრესტიჟი და გარდა ამისა, აქ საუბარი არის ძალიან კონკრეტულ პრობლემებზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას შეიძლება შეექმნას," - განაცხადა საბა ბუაძემ.

ოპოზიციის ნაწილი კი მიიჩნევს, რომ მმართველ გუნდს მაინც მოუწევს 19 აპრილის შეთანხმების შესრულება მიუხედავად მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებისა, რომლის მიხედვითაც დოკუმენტის ანულირება მოხდა.

"იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ მოეგება გონს და არ იქნება რეალურად იმ პოზიციაზე, რასაც ჰქვია საქართველოს პროდასავლური კურსი და მართლმსაჯულების და შეთანხმებაში ჩაწერილი რეფორმების განხორციელების, საქართველო როგორც ქვეყანა ვეღარ მიიღებს მაკროეკონომიკურ დახმარებას და შეჩერდება, 74 მილიონზეა საუბარი იცით, ამიტომ ეს არის უმძიმესი განაჩენი," - განაცხადა პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ხატია დეკანოიძემ.

დღის ამბები