22 იანვარი 2022,   07:27
ვრცლად
არჩევნებამდე ერთი თვით ადრე მისი გადადების მოთხოვნა პირდაპირ ნიშნავს პოლიტიკურ კაპიტულაციას - შალვა პაპუაშვილი

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არ გადაიდება, ის ჩანიშნულ დროს, 2 ოქტომბერს ჩატარდება - ამის შესახებ პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა "ქართული ოცნების" ოფისში ბრიფინგისას განაცხადა.

შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ ოპოზიციას დაწყებული აქვს არჩევნების გადადების მოთხოვნის კამპანია, პანდემიას კი მხოლოდ საბაბად იშველიებენ. 

"დღეს ყველა ვხედავთ, რომ ოპოზიციას დაწყებული აქვს არჩევნების გადადების მოთხოვნის კამპანია, საბაბად კი პანდემიას იშველიებენ.

არჩევნებამდე 1 თვით ადრე არჩევნების გადადების მოთხოვნა პირდაპირ ნიშნავს პოლიტიკურ კაპიტულაციას, რამდენიც არ უნდა ისპეკულირონ, თითქოს მათ მოსახლეობის ჯანმრთელობა აინტერესებთ.

"ნაციონალური მოძრაობის" კამპანია 3 ამოცანას ემსახურება, რომ საჭიროების შემთხვევაში წინმსწრებად ჰქონდეთ მომზადებული საბაბი თვითმმართველობის არჩევნების ბოიკოტის გამოსაცხადებლად;

მეორე: არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში გარდაუვალი მარცხის შემდეგ გამოაცხადონ, რომ ეს მარცხი მძიმე ეპიდვითარებამ გამოიწვია და თითქოს ჩატარებული არჩევნები მოსახლეობის ნებას სრულფასოვნად არ გამოხატავს;

მესამე: რომ წინასაარჩევნო პერიოდში აწარმოონ მადისკრედიტებელი კამპანია ხელისუფლების მიმართ, თითქოს ჩვენ არ გვაინტერესებს მოსახლეობის ჯანმრთელობა და ამის გამო არ ვდებთ არჩევნებს.

სინამდვილეში ამ ყველაფერს აქვს ერთადერთი მიზეზი, მათ ზუსტად იციან, რომ დამარცხდებიან.

რაც შეეხება არჩევნების კოვიდუსაფრთხოდ ჩატარებას, ჩვენ ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ წინასაარჩევნო კამპანია და უშუალოდ არჩევნები.

მოსახლეობას, ისევე როგორც ოპონენტებს, შევახსენებთ, რომ საქართველომ პანდემიის პირობებში არჩევნების მომზადების და უსაფრთხოდ ჩატარების მხრივ არაერთი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის დადებითი შეფასება დაიმსახურა. ამ შეფასების გარეშეც ყველა მოქალაქე იყო იმის მოწმე თუ რამდენად უსაფრთხო გარემოში ჩატარდა 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნები. ცხადია, რომ ამ წარმატებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ცესკო სრულად უზრუნველყოფს არჩევნების დღის კოვიდუსაფრთხოების ყველა ზომის დაცვის ჩატარებას," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები