22 იანვარი 2022,   05:46
ვრცლად
სააკაშვილს დავალება ჰქონდა მიცემული, რომ რადიკალურ ოპოზიციას ბოიკოტი გამოეცხადებინა არჩევნებისთვის - მამუკა მდინარაძე

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს კონკრეტული დავალება ჰქონდა მიცემული, რომ შეექმნათ საინფორმაციო ფონი, საბაბი და ენმ-სა და რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს გამოეცხადებინათ ბოიკოტი 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის.

როგორც დღეს მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ამის შესახებ მმართველ გუნდს ინფორმაცია 3 კვირის წინ ჰქონდა, რის შესახებაც მათ საზოგადოებას განუცხადეს კიდეც.

"ჩვენ ვიცით და ამის შესახებ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, 3 კვირის წინ მქონდა ინფორმაცია, რომ რადიკალური ოპოზიციის ლიდერს მიხეილ სააკაშვილს ჰქონდა კონკრეტული დავალება მიცემული, რომ შეექმნათ საინფორმაციო ფონი და საბაბი იმისათვის, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" და ზოგადად რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს ბოიკოტი გამოეცხადებინათ იმ არჩევნების მიმართ, რომელთან დაკავშირებითაც ისინი რეფერენდუმსაც კი იყენებენ სიტყვას.

შესაბამისად, ჩვენ ამის შესახებ საზოგადოებას ვუთხარით და ეს ჩვენი ინფორმაცია დადასტურდა, ისინი ეძებენ საბაბს იმისათვის, რომ არ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ეს მათ მაინც მოუწევთ.

მეორე: ასევე სააკაშვილის დავალებაა და თქვენ იცით, რომ შემთხვევით მას გაეპარა ეს შეცდომა რამდენიმე დღის წინ და დავალება, რომელიც უნდა ყოფილიყო შიდა ჩატში ჩაშლილი, გამოაქვეყნა საჯაროდ და მისი დავალებაა, რომ ყველა ის პრობლემა და ყველა გარდაცვლილი ადამიანი, რომელიც ემსხვერპლება კოვიდინფექციას, უნდა მიეწეროს "ქართულ ოცნებას".

ახლა ხდება ამ ორი დავალების კორელაცია ერთმანეთთან და ცდილობენ, რომ ეს საბაბი გამოიყენონ ერთის მხრივ ბოიკოტისთვის და მეორე მხრივ, პირდაპირ ვთქვათ, პიარული ჟარგონით, "ქართული ოცნების" გაშავებისთვის, რეალურად ხდება აბსოლუტურად განსხვავებული რამ.

სახელმწიფო ყველანაირად ცდილობს შემდეგს: რომ დაიცვას ბალანსი, ერთი მხრივ, რომ არ შეფერხდეს პოლიტიკური პროცესები, მეორეს მხრივ - არ გაჩერდეს ეკონომიკა იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში ამან შეიძლება დიდი ზიანი მოუტანოს ქვეყანას და იმ ადამიანებს, რომლებიც ისედაც გაჭირვებაში ცხოვრობენ, შეიძლება ისინი შიმშილის პირას მივიდნენ ასეთი გადაწყვეტილებით, ჩვენ რომ სრული ლოკდაუნი გამოვაცხადოთ, და მესამე - სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს და რა თქმა უნდა უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ კოვიდისგან მიყენებული ზიანი იყოს რაც შეიძლება ნაკლები," - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღის ამბები