22 იანვარი 2022,   07:21
ვრცლად
ნებისმიერ შემთხვევაში, არჩევნების გადადების შესახებ ინიციატივა ოპოზიციისთვის წამგებიანია - იაგო ხვიჩია

"ქართული ოცნების" ლიდერების თქმით, არჩევნები არ გადაიდება, რადგან ქვეყანას პანდემიის პირობებში არჩევნების ჩატარების გამოცდილება უკვე აქვს. მათივე თქმით, ეს "ნაციონალური მოძრაობის" მოთხოვნაა.

მმართველი გუნდის ამ განცხადებას "ნაციონალურ მოძრაობაში" ჯერ არ გამოხმაურებიან.

რაც შეეხება სხვა ოპოზიციურ პარტიებს, ნაწილი კვლავ მიიჩნევს, რომ არჩევნები უნდა გადაიდოს, მიზეზად კი ისინი სამოქალაქო პასუხისმგებლობას ასახელებენ, რომელსაც  საკუთარი ამომრჩევლების მიმართ გრძნობენ.

"რომელი რეკომენდაცია დაცულა და რომელი რეკომენდაციის აღსრულება ყოფილა ეფექტური "ქართული ოცნების" ხელისუფლების ხელში. დაფინანსებული, დასპონსორებული კონცერტები და შეხვედრები. მსოფლიოში პირველები ვართ, როგორც ინფიცირებულთა, ასევე გარდაცვლილთა რაოდენობით სულ მოსახლეზე. ამ პირობებში რომ ნორმალური საზოგადოების ნებისმიერი წარმომადგენელი კითხვას დასვამს, რომ მზად ვართ არჩევნების ჩასატარებლად, მთავრობამ რამე გეგმა წარმოადგინა ამ ერთი თვის განმავლობაში?" - განაცხადა "სტრატეგია აღმაშენებლის" პოლიტსაბჭოს წევრმა სერგო ჩიხლაძემ.

ოპოზიციის მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ არჩევნების გადადება არ არის აუცილებელი, ასეთია "გირჩი".

"სახალხო დამცველის ამ განცხადებას ოპოზიცია არც უნდა აჰყოლოდა გუშინ, იმიტომ, რომ ძალიან მოსალოდნელი იყო ის, რაც დღეს "ქართულმა ოცნებამ" გააკეთა, თქვა, რომ ოპოზიციას ეშინია არჩევნების, ამიტომ უნდათ, რომ ბოიკოტი გამოაცხადონ და ა.შ. ნებისმიერ შემთხვევაში ოპოზიციისთვის ინიციატივა არჩევნების გადადების შესახებ არის წამგებიანი," - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

"გირჩი - მეტი თავისუფლების" თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ ერთადერთი მიზეზი, რის გამოც შეიძლება "ქართულმა ოცნებამ" არჩევნების გადადების საკითხზე იმსჯელოს, ეს არის თუ რამდენად იქნება მათთვის აღნიშნული გადაწყვეტილება პოლიტიკურად მომგებიანი.

"ყველასთვის გასაგებია, რომ არჩევნებს გადადებენ თუ არა - ეს გადაწყვეტილება ხელისუფლების მისაღებია და ისინი ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ იქიდან გამომდინარე, რომ პანდემიის მხრივ რა მდგომარეობაც არის, ან საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით. ერთადერთი მოტივი მათი, რის გამოც შეიძლება ეგეთი გადაწყვეტილება მიიღონ, გადადების/არ გადადების, იქნება, რამდენად არის ეს მათთვის  მომგებიანი პოლიტიკურად," - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

დღის ამბები