23 იანვარი 2022,   18:35
ვრცლად
"ოცნება" და ენმ ერთმანეთის ლანძღვითა და გინებით ცარიელ პოლიტიკურ დღის წესრიგს ქმნიან - გიორგი გახარია

პარტია "საქართველოსთვის" ლიდერის, გიორგი გახარიას თქმით, ქვეყანაში პოლიტიკურად მოჯადოებულ წრეზე სიარული უნდა დასრულდეს.

გახარიას შეფასებით, მმართველი პარტია და "ნაციონალური მოძრაობა" ერთმანეთთან ქიშპობით ცარიელ პოლიტიკურ დღის წესრიგს ქმნიან.

"კეკლუცით, უპასუხისმგებლობითა და პოპულიზმით, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიტრიალებთ ერთი და იმავე მოჯადოებულ წრეზე, როგორც ზოგიერთებს უნდათ, რომ გვატარონ. ამიტომ ჩვენ ვამბობთ, რომ ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში უნდა დასრულდეს ამ მოჯადოებულ წრეზე სიარული. ამიტომ ამ არჩევნებს აქვს უდიდესი დატვირთვა. ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ მუნიციპალური არჩევნები. ეს არის არჩევნები, როდესაც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა დავუმტკიცოთ ჩვენ მოქალაქეებს, რომ ჩვენ შეგვიძლია დავძლიოთ ეს მოჯადოებული წრე.

მაშინ, როდესაც "ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" მხოლოდ და მხოლოდ ერთმანეთის ლანძღვით და გინებით ქმნიან აბსოლუტურად ცარიელ პოლიტიკურ დღის წესრიგს. მაშინ, როდესაც მმართველი ძალა დღეს ცდილობს მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნის მიღწევა, შეინარჩუნოს ძალაუფლება, მეორე მხრიდან "ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს შეინარჩუნოს მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსი, სინამდვილეში არცერთს აღარ შესწევს იმის უნარი, რომ ღირსეულად მართოს ქვეყანა და არც მეორეს იყოს ღირსეული ოპოზიციონერი," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ბათუმში პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი კანდიდატების წარადგენს. გიორგი გახარიას პარტიამ წარდგენა ამომრჩევლებისა და მხარდამჭერების გარეშე გამართა. გახარიამ სიტყვის გამოსვლის დროს პოლიტიკური განცხადებები გააკეთა. ღონისძიებამ სამოქალაქო აქტივისტების საპროტესტო აქციის ფონზე ჩაიარა.   

დღის ამბები