22 იანვარი 2022,   07:32
ვრცლად
ჩემს თვალში გახარია არის იშვიათი მოღალატე, მაზაკვალი მოღალატე, ამას კარგად გამიგებენ მეგრელები - ირაკლი ღარიბაშვილი 

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მარტვილში, ჟურნალისტებს, გიორგი გახარიასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა, რომ მის თვალში გახარია მოღალატეა.

პრემიერის შეფასებით, გახარიას მმართველობის დროს ძალიან ბევრი შეცდომა იყო დაშვებული.

"ძალიან ბევრი შეცდომა იყო დაშვებული, რომლებიც ძალიან მძიმე შედეგებით დასრულდა. ძალიან ბევრი წარუმატებელი ოპერაცია იყო, თუნდაც კლუბების, შემდეგ პანკისის, შემდეგ "გავრილოვის ღამის" მართვა, რაშიც „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან მაღალი პოლიტიკური ფასი გადაიხადა. ეს ყველაფერი ჩვენს ხარჯზე და ჩვენი მოქალაქეების ხარჯზე განხორციელდა.

ამის შემდეგ მთელი გუნდი მას გადაეფარა, შეინარჩუნა, გვერდში დაუდგა, პანდემიის დროს მთელი მთავრობა იყო ჩართული და მას, საპარლამენტო გუნდთან ერთად, მთელი პარტია მაქსიმალურად ვაძლიერებდით და როცა ერთ-ერთი კრიტიკული დრო დადგა ჩვენს ქვეყანაში და ჩვენი გუნდის ფარგლებში, მან, პირდაპირ უნდა ითქვას და ამას სახელი დაარქვა პარტიის დამფუძნებელმა, მან ღალატი ჩაიდინა. ღალატი ჩაიდინა სახელმწიფოს და ჩვენი გუნდის წინაშე. რა თქმა უნდა, მან უღალატა ჩვენს გუნდს, უღალატა სახელმწიფოს, პირველ რიგში, რადგან ქვეყანა ასეთ დროს პირდაპირ მიატოვა.

ალბათ, მსოფლიო ისტორიაში ანალოგი არ მოიძებნება, როცა უმაღლესი თანამდებობის პირი, პრემიერ-მინისტრი გადადგა მხოლოდ იმის გამო, რომ ერთ-ერთი თავგასული ადამიანის დაჭერას არ დაეთანხმა, მაშინ, როცა წინა დღეს და წინა საათებში, ის დაჟინებით თავად ითხოვდა მის დაკავებას. ამის გამო ადამიანმა მიატოვოს და შუა ოპერაციის დროს სისტემა დააყენოს ჩამოშლის საფრთხის წინაშე, რა თქმა უნდა, არის ღალატი პირველ რიგში სახელმწიფოს წინაშე და არის ღალატი ჩვენი გუნდის წინაშე.

კაცი იყო ჯერ ბიზნესომბუდსმენი, დავიწყოთ იმით, რომ 2012 წლის 1 ოქტომბერს მას არანაირი მონაწილეობა არ მიუღია, ჩამოვიდა მოსკოვიდან, შემდეგ ერთ-ერთი ადამიანის რეკომენდაციით მოხვდა მთავრობაში, დაინიშნა ბიზნესომბუდსმენად, შემდეგ გახდა ეკონომიკის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, პრემიერ-მინისტრი და მთელი გუნდი და ჩვენი პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი სრულ ნდობას უცხადებდა ამ ადამიანს, ისევე, როგორც მთელი გუნდი," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, ამის შემდეგ გახარია გამოვიდა და თქვა, რომ აპირებდა პოლიტიკაში დარჩენას.

"სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ ის და მისი გუნდის წევრები აცხადებდნენ და მიზანმიმართულად ავრცელებდნენ ინფორმაციას, თითქოს იგი იყო ბატონი ბიძინა ივანიშვილის პროექტი, რაც სრული სიცრუეა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ ამას. ამის თაობაზე პარტიის დამფუძნებელმა გააკეთა განცხადება და მას დაარქვა სახელი, როგორც მოღალატე სახელმწიფოსი და ჩვენი გუნდის. ამის შემდეგ მეორე ვერსია გაავრცელა, რომ თითქოს შესაძლო კოალიციაში „ქართული ოცნება“ პარტნიორად განვიხილავთ გახარიას პარტიას. კითხვას ვუსვამ ნებისმიერ მოქალაქეს, კაცი, რომელიც საკუთარი გადაწყვეტილებით ნდობას დაამსხვრევს, უღალატებს და ზურგში დანას ჩაარტყამს კრიზისულ, კრიტიკულ სიტუაციაში და საკუთარი გადაწყვეტილებით თავად ანგრევს ნდობას, რომელიც 8 წელი ერთად ვაშენეთ, როგორ შეიძლება, ამ ადამიანს ნდობა გამოუცხადოს როგორც მმართველმა გუნდმა, ასევე ჩვეულებრივმა ადამიანებმა.

რა თქმა უნდა, ჩემს თვალში გახარია არის ჩვეულებრივი მოღალატე და მეტსაც ვიტყვი, გახარია არის იშვიათი მოღალატე. სამეგრელოში ვარ და მეგრელები გამიგებენ, ის არის იშვიათი, მაზაკვალი მოღალატე, ამას კარგად გამიგებენ მეგრელები.  ამ შემთხვევაში მართლაც რაღაც განსაკუთრებულ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, ასე, რომ კიდევ ერთხელ მინდა, სიცხადე შემოვიტანო და ჩვენს მოსახლეობას ავუხსნა. ეს არ არის მხოლოდ ჩემი პოზიცია, ეს არის ჩვენი გუნდის საერთო პოზიცია," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

დღის ამბები