22 იანვარი 2022,   06:43
ვრცლად
რუსულმა გამოცემებმა გაავრცელეს დეზინფორმაცია, რომ თბილისი ავღანეთიდან ლტოლვილების თავშესაფარ ადგილად ვაქციეთ - დავით ზალკალიანი

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, აეროპორტთან მდებარე სამხედრო ბაზაზე სატრანზიტო ჰაბი მოეწყო, რაც ავღანეთიდან ევაკუირებული ხალხის ტრანზიტულ სივრცეს წარმოადგენს.  

დღეის მონაცემებით, ჩარტერული რეისით, უკვე 2000 ადამიანის ევაკუაცია მოხერხდა. ასევე მიმდინარეობს რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის თანამშრომლის ქვეყანაში განთავსება.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ავღანეთიდან მოქალაქეების ევაკუაციის პროცესი ძალიან კარგად იყო ორგანიზებული. 

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ამ კონტექსტში რუსულ დეზინფორმაციაზეც ისაუბრა და თქვა, რომ რუსულმა გამოცემებმა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს თბილისი ავღანეთიდან ლტოლვილების თავშესაფარ ადგილად ვაქციეთ. 

"საქართველო უკვე რამდენიმე დღეა, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ძალიან მჭიდრო კომუნიკაციით ჩართულია ავღანეთიდან ჰუმანიტარული მისიის განხორციელებაში. მხედველობაში მაქვს ავღანეთიდან მოქალაქეების ევაკუაციის პროცესი, ეს ყველაფერი ძალიან კარგად ორგანიზებულია. რაც ეს ინფორმაცია გავრცელდა, მყისიერად ვიხილეთ რუსული დეზინფორმაცია, თითქოს საქართველომ ავღანელი ლტოლვილები შეიფარა და ჩვენ თბილისი ვაქციეთ ავღანეთიდან ლტოლვილების თავშესაფარ ადგილად, მინდა განვმარტო, რომ საუბარია მხოლოდ რამდენიმე ათეულ ადამიანზე, იმ ორგანიზაციის თანამშრომლებზე, რომლებიც მუშაობდნენ ავღანეთში. ეს მხოლოდ დროებითია. უახლოეს პერიოდში მათი გადამისამართება მოხდება ამერიკისა და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში,"- განაცხადა დავით ზალკალიანმა. 

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ვლადიმერ ჩაჩიბაიას განცხადებით, კი საქართველო გეოგრაფიულად იძლევა იმის საშუალებას, რომ მოხდეს ტრანზიტი საქართველოს გავლით.

"ძირითადად გამოდის ავღანელების ის კატეგორია, რომლებიც აქტიურად მუშაობდნენ და თანამშრომლობდნენ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სამთავრობო ძალებში. მნიშვნელოვანია, რომ ამ ადამიანების ევაკუაცია განხორციელდეს დროულად, რომ არ მოხდეს მათზე ანგარიშსწორება. საქართველო გეოგრაფიულად იძლევა იმის საშუალებას, რომ მოხდეს ტრანზიტი საქართველოს გავლით, რაც ფაქტიურად დროს აგებინებს ჩვენს პარტნიორებს იმისათვის, რომ 31 აგვისტომდე მოახდინონ სრულად პირადი შემადგენლობის ევაკუირება" - განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.

დღის ამბები