22 იანვარი 2022,   05:55
ვრცლად
ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის უმუშევრობის მაღალი დონე და ამ მიმართულებით გვჭირდება მაღალი ტემპებით მაგარი მუშაობა - პრემიერი

"რეალურად წლების განმავლობაში შეიცვლება მთელი ქვეყნის ლანდშაფტი და სურათი, სულ სხვანაირ ქვეყანას მივიღებთ რამდენიმე წელიწადში" - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა სენაკში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის წარდგენის დროს.

ირაკლი ღარიბაშვილმა  ყურადღება სამომავლო გეგმებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის ეკონომიკური სიდუხჭირის აღმოფხვრა ქვეყანაში.

"ჩვენ კარგად გვესმის, რომ გამოწვევები ძალიან ბევრია ქვეყანაში და ოკუპაციასთან ერთად ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის უმუშევრობის მაღალი დონე, ეკონომიკური სიდუხჭირე და ამ მიმართულებით ჩვენ გვჭირდება ძალიან მაღალი ტემპებით მაგარი მუშაობა.

მომდევნო წლების განმავლობაში ჩვენ გვჭირდება ძალიან ბევრი წარმატებული მაგალითის შექმნა, ძალიან ბევრი პროექტის დაფინანსება. ამ მიზნით ჩვენ გვაქვს კარგად ჩამოყალიბებული ხედვა, გეგმები, თუ რა უნდ გავაკეთოთ. იქნება ეს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართულებით, განათლების სამინისტრო, ეკონომიკა, ჯანდაცვა, ადგილობრივი წარმოების განვითარება, რომლის მიმართულებით 2 მილიარდ 500 მილიონს დავხარჯავთ და დაახლოებით 1300-მდე ახალ საწარმოს დავაფინანსებთ. ჯამში 100 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება აღნიშნული პროგრამების ფარგლებში.

სოფლის მეურნეობის მიმართულებით 7 მილიარდი ლარის მობილიზებას ვგეგმავთ მომდევნო წლების განმავლობაში. სოფელი ფეხზე უნდა დავაყენოთ.

იქმნება ახალი ტურისტული ლოკაციები, ახალი ტურისტული ადგილები, რომ კიდევ უფრო მეტი ტურისტი მოვიზიდოთ. გვაქვს უნიკალური ადგილები, რომელიც არა თუ ჩვენს უცხოელ ტურისტებს, არამედ ჩვენს მოქალაქეებს ჯერ კიდევ არ უნახავთ. ამას სჭირდება წარმოჩენა, ამას სჭირდება მოვლა, პატრონობა.

ინფრასტრუქტურის მიმართულებით 32 მილიარდი ლარი ჯამში დაიხარჯება მომდევნო წლების განმავლობაში. რეალურად წლების განმავლობაში შეიცვლება მთელი ქვეყნის ლანდშაფტი და სურათი, სულ სხვანაირ ქვეყანას მივიღებთ რამდენიმე წელიწადში. ამას სჭირდება აქტიური, ინტენსიური მუშაობა, სტაბილურობა და მშვიდობა," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ამბები