22 იანვარი 2022,   06:46
ვრცლად
სოფლის მეურნეობის მხარდამჭერი პროექტები, ფერმერების საჭიროებები და ინფრასტრუქტურა - პრემიერმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა

სოფლის მეურნეობის მხარდამჭერი პროექტები, ფერმერების საჭიროებები და ინფრასტრუქტურა, რომელიც სოფლის მეურნეობის განვითარებას სჭირდება - ეს მხოლოდ ნაწილია თემებისა, რომელზეც პრემიერ-მინისტრმა სამეგრელოში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს ისაუბრა.

ირაკლი ღარიბაშვილი მეთხილე ფერმერებს დაპირდა, რომ მთავრობა სფეროს გასავითარებლად დამატებით 30 თხილის საშრობს ააშენებს, რომელიც 15 მილიონი ლარი დაჯდება. ინფრასტრუქტურულ პროექტებზე პრემიერმა ადგილობრივებთან საუბარი ჩხოროწყუშიც განაგრძო, სადაც პრემიერი მოსახლეობას კულტურის სახლის სრულ რეაბილიტაციას შეჰპირდა.

ირაკლი ღარიბაშვილმა  რეგიონის ტურისტული პოტენციალის განვითარებაზეც ისაუბრა. სამეგრელოში მთავრობის მეთაური წინასაარჩევნო ტურნეს ფარგლებში იმყოფებოდა. ირაკლი ღარიბაშვილმა მერობის კანდიდატები წალენჯიხაში, მარტვილში, ჩხოროწყუსა და სენაკში წარადგინა.

მხარდამჭერებს ტრიბუნიდან მიმართეს თავად მერობის კანდიდატებმა. მმართველი გუნდის რჩეულებმა, მოსახლეობის წინაშე პირობა დადეს, რომ თითოეული მცხოვრების პრობლემას მოაგვარებენ და პრიორიტეტი მუნიციპალიტეტების განვითარება იქნება.

რეგიონების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა პარლამენტის თავმჯდომარემაც. კახა კუჭავა ამბობს, რომ ქვეყნის სიძლიერე სწორედ რეგიონების წარმატებაზეა დამოკიდებული. ეკონომიკურ ზრდაზე გაამახვილა ყურადღება ნათია თურნავამ. ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ სტრატეგიული ენერგეტიკული ობიექტი, ენგურჰესი რეგიონის განვითარების და ტურისტული პოტენციალის გაზრდის უნიკალური შანსია.

მთავრობის მეთაური სამეგრელოში, თხილის ბაღში ფერმერებსაც შეხვდა. შეხვედრაზე ითქვა, რომ სახელმწიფოს და კერძო სექტორის ერთობლივი და ეფექტიანი თანამშრომლობის შედეგად, საქართველოში შეიქმნა თხილის კულტურის მოვლა-მოყვანის სისტემა, რის შედეგადაც მეთხილეობის დარგი გაძლიერდა და გაიზარდა ფერმერთა შემოსავლები.

მოგვიანებით, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის წევრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, ჩხოროწყუში დავით აღმაშენებლის სახელობის მშენებარე ტაძარი მოინახულა. სასულიერო პირებმა მთავრობის მეთაურს ტაძრის მშენებლობასთან დაკავშირებით მიაწოდეს ინფორმაცია. ირაკლი ღარიბაშვილი ჩხოროწყუს კულტურის სახლშიც იმყოფებოდა, რომელსაც რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ტენდერი უკვე გამოცხადებულია და რეაბილიტაციისთვის 5 მილიონ 500 000 ლარი დაიხარჯება.

"ქართული ოცნება" რეგიონებში მერებისა და საკრებულოებში მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენას განაგრძობს. ხვალ მმართველი გუნდი კანდიდატებს ხობის, ფოთისა და აბაშის მოსახლეობას წარუდგენს.

დღის ამბები