18 იანვარი 2022,   10:47
ვრცლად
ვერ დავიცავით ზვიად გამსახურდია... ადამიანების ერთმა ჯგუფმა ვერ მოითმინა, ვერ დაელოდა არჩევნებს და მოხდა პრეზიდენტის მკვლელობა - პრემიერი

"ქართული ოცნება" სამეგრელოში მერობის კანდიდატების წარდგენას განაგრძობს. პრემიერმა ამჯერად ხობის მერობის კანდიდატი, დავით ბუკია დაასახელა.

ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას როლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს ქვეყანას ერთიანობა სჭირდება.

"ვემზადებით, რომ მორიგ ჯერზე, მორიგ არჩევნებში გავიმარჯვოთ ასევე ღირსეულად, დამაჯერებლად და ქვეყანამ გააგრძელოს წინსვლა და განვითარება. ჩვენ დღეს ვიმყოფებოდით პირველი პრეზიდენტის, საამაყო კაცის, ზვიად გამსახურდიას მემორიალურ სახლში, მოვინახულეთ სოფელ ხიბულაში მისი ადგილსამყოფელი, სადაც ბოლო დღეები დაჰყო ჩვენმა პრეზიდენტმა და სადაც აღესრულა. ზვიად გამსახურდია გამორჩეული პატრიოტი და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე კაცი იყო, რომელმაც თავისი სიცოცხლე შესწირა ჩვენს ქვეყანაში დამოუკიდებლობის აღდგენას, ტრაგიკულად შეეწირა სწორედ მთავარ იდეას, რომელიც უკავშირდებოდა ჩვენი ქვეყნის ერთიანობას და სიძლიერეს. ჩვენი თავისუფლებისმოყვარე ერის გამთლიანებას. ის, რომ ჩვენ ვერ დავიცავით პრეზიდენტი გამსახურდია, ჩვენი, ყველას ბრალია. ჩვენი ხალხის ბრალია, ჩემი ბრალია, ვინც ვერ დავიცავით მაშინდელი პირველი პრეზიდენტი.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს უბედური შემთხვევა გვახსენებს პასუხისმგებლობას ჩვენი ქვეყნისა და ხალხისადმი. რომ წარმოვიდგინოთ, ყველაფერი ისე გაგრძელებულიყო, როგორც ნორმალურ, დემოკრატიულ სახელმწიფოს შეეფერება, არ მომხდარიყო სახელმწიფო გადატრიალება, რამაც შავბნელი დღეები მოუტანა ჩვენს ქვეყანას, რამაც ნგრევა მოიტანა ქვეყანაში, სამოქალაქო დაპირისპირება, ძმათა შორის მკვლელობა, აფხაზეთისა და ცხინვალის დროებით დაკარგვა. მაშინ კარგად გვახსოვს ჩვენ, რომ იმ დროს პოლიტიკოსებისა და სუბიექტურად განწყობილი ადამიანების ერთმა ჯგუფმა ვერ მოითმინა, ვერ დაელოდა მომდევნო არჩევნებს და სწორედ მოხდა ის დიდი კატასტროფა, რასაც ჰქვია ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა და ჩვენი პრეზიდენტის მკვლელობა. აი, ეს არის მწარე გამოცდილება, მწარე გაკვეთილი, რომელიც ყველამ კარგად უნდა გავიაზროთ.

დღესაც გვჭირდება, მეგობრებო, ამ ტრაგედიის კარგად გააზრება. ჩვენ ვნახეთ ბოლო პერიოდში, სულ რაღაც 2-3 წლის წინ, მცდელობა იყო ანალოგიური, ძალადობრივი გზით ხელისუფლების დამხობის. ამიტომ, ჩვენ გვჭირდება სიმტკიცე, ჩვენ დღეს ვართ ძლიერი სახელმწიფო, ძლიერი მთავრობა. იმაზე ბევრად ძლიერი, ვიდრე 10 წლის წინ ვიყავით და არავის მივცემთ საშუალებას, რომ რაიმე პროვოკაცია მოაწყონ," - განაცხადა პრემიერმა. 

დღის ამბები