20 იანვარი 2022,   09:23
ვრცლად
თავად "ქართული ოცნების" წევრებს არ სჯერათ ამ კვლევის - იაგო ხვიჩია მმართველი პარტიის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგებზე 

"ქართული ოცნების" მიერ გამოქვეყნებულ კიდევ ერთ სოციოლოგიური კვლევას, რომლის მიხედვითაც გამოკითხულთა უმრავლესობისთვის ფავორიტი პარტია "ქართული ოცნებაა", შეფასებები მოჰყვა.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ეს შედეგი მოსალოდნელი იყო, ვინაიდან, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობის განწყობა და დადებითი დამოკიდებულება "ქართული ოცნების" მიმართ ცხადი და ნათელი იყო. 

"ჩვენ, გარდა კვლევებისა, როდესაც ყოველდღიური საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრა გვაქვს, ვგრძნობთ მათ განწყობებს. ასევე, ვხედავთ ყველა მათ გამოწვევებს და იმას, რომ მოსახლეობა ამ გამოწვევების დაძლევას სწორედ მმართველ ძალას უკავშირებს,"- აღნიშნავს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი. 

ხელისუფლების ოპონენტებს კი კვლევის არ სჯერათ და ამბობენ, რომ "ქართული ოცნების" მონაცემები არჩევნებზე 40%-ზე ბევრად დაბლა იქნება. ოპოზიციაში ასევე ამბობენ, რომ მმართველი გუნდი ცდილობს საზოგადოება იმაში დაარწმუნოს, რაც რეალობა არ არის. 

"ასეთი კვლევები კიდევ ბევრი იქნება, მაგრამ რეალური სურათი სულ სხვა არის. მე შემიძლია ვთქვა, რომ "ქართული ოცნების" პარტიული მონაცემები არჩევნებზე 40%-ზე ძალიან დაბლა იქნება,"- აღნიშნა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ზაალ უდუმაშვილმა

"ეს არის ვარსკვლავთმრიცხველობა, უფრო მჩხიბავობა, რომელსაც შეიძლება დაეყრდნოს საზოგადოება,"- ასე აფასებს "ქართული ოცნების" კვლევას "სტრატეგია აღმაშენებლის წევრი პაატა მანჯგალაძე. 

"ლელოში" კი არ გამორიცხავენ, რომ ამ კვლევებით მმართველი გუნდი საკუთარი ამომრჩევლის შეგულიანებას ცდილობს და არჩევნების ფალსიფიკაციისთვის ნიადაგს ამზადებს. 

პარტია "გირჩის" ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით კი თავად "ქართული ოცნების" წევრებს არ სჯერათ ამ კვლევის. 

სოციოლოგიური კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 21-25 აგვისტოს. კვლევის ფარგლებში, გამოიკითხა 2958 რესპონდენტი, საიდანაც ფავორიტი პარტია გამოკითხულთა 79,2%-მა დაასახელა.

დღის ამბები