18 იანვარი 2022,   02:23
ვრცლად
საქართველო, როგორც რეგიონული სატრანზიტო ჰაბი - როგორ ხდება ქაბულიდან ევაკუირებული პირების გადანაწილება სხვადასხვა ქვეყანაში

როგორ ხდება ქაბულიდან ევაკუირებული პირების გადანაწილება სხვადასხვა ქვეყანაში - ავღანეთში მიმდინარე მოვლენების გამო საქართველოს, როგორც რეგიონული სატრანზიტო ჰაბის მნიშვნელობა იზრდება. ქაბულიდან საერთაშორისო პარტნიორი ქვეყნების მოქალაქეთა და დევნილთა ევაკუაციაში ქვეყანა უკვე რამდენიმე დღეა ჩართულია.

ჰაბი თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა და მასთან არსებული საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზაზეა განთავსებული და მისი ფუნქცია ავღანეთიდან ევაკუირებული მგზავრების გადაყვანის პროცესში მხარდაჭერაა. ცოტა ხნის წინ პროცესები საგარეო საქმეთა სამინისტროში შეაფასეს.

"ხდება სამხედრო თვითმფრინავებით ჩამოყვანა ამ ადამიანების, რომლებიც ევაკუირებულები არიან ქაბულის აეროპორტიდან. თბილისის აეროპორტში ხდება მათი გადანაწილება იმის მიხედვით, თუ რომელმა ქვეყანამ უნდა წაიყვანოს ეს დევნილები თავის ქვეყანაში და შემდეგ უკვე ამ ქვეყნების სამოქალაქო თვითმფრინავებს მიჰყავთ ეს ადამიანები თბილისის აეროპორტიდან. ყველა ჩვენი პარტნიორი და მეგობარი დიდი გულისხმიერებით აღნიშნავს, რომ საქართველომ დიდი სამსახური გაუწია და იმ კრიტიკულ მომენტში, როდესაც საჭირო იყო სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება და მექანიზმის სწრაფად აწყობა, ჩვენ შევძელით ამის გაკეთება," - აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი

წუხელ, გვიან ღამით, მორიგი საევაკუაციო ფრენა შესრულდა ავღანეთის დედაქალაქიდან. შეგახსენებთ, ლოჯისტიკურ ოპერაციებში ქართველ სპეციალისტებთან ერთად ჩართული არიან ნორვეგიელი, შვედი, ფინელი და ნატო-ს წევრი სხვა ქვეყნების სამხედრო და სამოქალაქო პერსონალი.

ბოლო მონაცემებით, საქართველომ უკვე 6000 ევაკუირებული პირის გატარება მოახერხა.

დღის ამბები