17 იანვარი 2022,   12:16
ვრცლად
მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს მთავრობას ლოჯისტიკური მხარდაჭერისთვის - კელი დეგნანი

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს მთავრობას ლოჯისტიკური მხარდაჭერისთვის, რომელსაც ისინი ავღანეთიდან ტრანზიტით, საქართველოს გავლით მომავალ ჰუმანიტარულ ფრენებს უწევენ, მადლობა გადაუხადა. ამის შესახებ კელი დეგნანმა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის დახურვის ცერემონიაზე მედიასთან განცხადა.

"დღეს ამ პროგრამის დასრულება არის საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული მტკიცე პარტნიორობის კიდევ ერთი შესანიშნავი მაგალითი. საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის ფარგლებში გასული სამი წლის განმავლობაში ცხრა ბატალიონი მომზადდა.

აშშ-ის ევროპის სარდლობამ და თავდაცვის სამინისტრომ ერთად შეიმუშავეს და განახორციელეს საწვრთნელი პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებას, ნატოს ძალებთან ურთიერთთავსებადობის გაზრდასა და საქართველოს ტერიტორიული თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას. აშშ-ის სამხედროების ყოფნა საქართველოში და მსგავსი საწვრთნელი პროგრამები არის აშშ-ის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერის დემონსტრირება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს მთავრობას იმ შესანიშნავი ლოჯისტიკური მხარდაჭერისთვის, რომელსაც ისინი უწევენ ავღანეთიდან ტრანზიტით, საქართველოს გავლით მომავალ ჰუმანიტარულ ფრენებს, მათ საბოლოო დანიშნულების ადგილამდე ჩასვლამდე. ეს არის კიდევ ერთი მაგალითი, თუ როგორი თანადგომითა და დიდი შესაძლებლობებით შეაქვს საქართველოს წვლილი გლობალური უსაფრთხოების ოპერაციებში. აშშ კვლავ გააგრძელებს თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობას, რათა საქართველოს თავდაცვის ძალები გახდეს კიდევ უფრო ძლიერი, ვიდრე დღეს," - განაცხადა კელი დეგნანმა.

დღის ამბები