18 იანვარი 2022,   02:17
ვრცლად
ქობულეთში საოჯახო სასტუმროების მფლობელებს აჭარის ეკონომიკის მინისტრი შეხვდა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიასთან, საოჯახო სასტუმროების მფლობელების აქციაზე აჭარის ეკონომიკის მინისტრი მივიდა და აქციის მონაწილეების მოთხოვნებს გაეცნო.

მისი განცხადებით, აღნიშნულ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს.

"მიმდინარე წელს რა მოლოდინებიც ჩვენ გვქონდა ტურისტულ სეზონთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა იმ მოლოდინებით ვერ შედგა. ჩვენ გვაქვს კომუნიკაცია საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან, იმათ უკვე დაიწყეს დეტალური შესწავლა კრედიტორების და რა თქმა უნდა, ჩვენ მჭიდრო კომუნიკაციის შედეგად დარწმუნებულები ვართ, რომ მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რაც მაქსიმალურად შეუმცირებს ჩვენს მოქალაქეებს ტვირთს," - განაცხადა აჭარის ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ.

დღეს ქობულეთში საოჯახო სასტუმროების მფლობელებმა ქალაქის მერიის შენობის პირველი სართული დაიკავეს და შენობაში მიმოსვლის შესაძლებლობა შეზღუდეს.

ეს საოჯახო სასტუმროების მფლობელების რიგით მე-4 საპროტესტო აქციაა. მათი მოთხოვნა კი კვლავ უცვლელია, ისინი ბანკებისა და კერძო საფინანსო ორგანიზაციებისგან აღებული ვალდებულებების შეჩერებას მოითხოვენ.

აქციის მონაწილეების თქმით, პანდემიის გამო ქობულეთში ტურისტული სეზონი ჩავარდა, რის გამოც ისინი საბანკო პროცენტების გადახდას ვერ ახერხებენ.

დღის ამბები