23 იანვარი 2022,   06:15
ვრცლად
"ქაბულში კიდევ ერთი ტერაქტია მოსალოდნელი" - აშშ ავღანეთიდან ჯარების გასაყვანად უსაფრთხოების ზომებს აძლიერებს

ქაბულის აეროპორტში მომხდარი ტერორისტული აქტიდან 2 დღე გავიდა, საერთაშორისო საევაკუაციო ფრენები კი გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ტერაქტის რეციდივის საშიშროება, რომლის შესახებაც თალიბანი საუბრობს, ავღანეთის დედაქალაქს მოსახლეობა კვლავ ტოვებს.

აფეთქებას, რომელსაც 170-მდე მეტი ადამიანი შეეწირა, მათ შორის 13 ამერიკელი სამხედრო, მკაცრი განცხადებებით გამოეხმაურა ამერიკის პრეზიდენტი. გუშინ ჯო ბაიდენმა პირობა დადო, რომ პასუხს აგებს ყველა, ვინც ეს ტერაქტი დაგეგმა.

"ქაბულში კიდევ ერთი ტერაქტი სავარაუდოა. ვცდილობთ ყველაფერი გავაკეთოთ უსაფრთხოების ზომების მისაღებად. საფრთხე რეალურია, ჩვენი ჯარები კვლავ საშიშროების წინაშე არიან. ეს საფრთხე იქნება ყოველდღე, ვიდრე ისინი იქ არიან. ეს პერიოდი არის მისიის ყველაზე საშიში ნაწილი. სამხედროები უკვე იწყებენ ტექნიკის გატანას ავღანეთიდან," - განაცხადა თეთრი სახლის პრესმდივანმა, ჯენ ფსაკიმ.

ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა აღნიშნა, რომ ამერიკული ჯარების გასვლის შემდეგ ქაბულის აეროპორტის მართვა სრულად ავღანეთს გადაეცემა,

"გასვლის შემდეგ ჩვენ ქაბულის აეროპორტს ავღანელ ხალხს დავუბრუნებთ. ასე რომ, ჩვენი გადასაწყვეტი არ არის მისი მართვის საკითხი," – აღნიშნა პრაისმა.

მისი თქმით, ავღანეთში ამერიკული დიპლომატიური მისიის გაგრძელების გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის, თუმცა საკითხი აქტიურად განიხილება. როგორც პრაისმა აღნიშნა, გადაწყვეტილების მიღების პროცესში უმთავრეს როლს პერსონალის უსაფრთხოების საკითხი ასრულებს.

დღის ამბები