23 იანვარი 2022,   05:57
ვრცლად
გამკაცრდება თუ არა სანქციები დროშების დაზიანებაზე - ოპოზიციის ნაწილი კანონში ცვლილებებს ფარსს უწოდებს

დროშების დაზიანების შემთხვევაში სანქციები, შესაძლოა, გამკაცრდეს - მსჯელობა ადამიანის უფლებათა კომიტეტის შემდეგ ევროინტეგრაციის საკითხთა კომიტეტში გაგრძელდება. საქმე ეხება როგორც ევროკავშირის, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და იმ ქვეყნების დროშის დაზიანებას, რომელთანაც საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობები აქვს.

ინიციატივა პარლამენტის თავმჯდომარეს კახა კუჭავას ეკუთვნის. ცვლილების მიხედვით, სანქცია ფიზიკური პირის 1000 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს. განმეორების შემთხვევაში ჯარიმის თანხა ორმაგდება ან 15 დღემდე პატიმრობით ისჯება.

ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ "ქართული ოცნების" ეს ნაბიჯი ევროპასთან გულწრფელ დამოკიდებულებას არ გამოხატავს. 

"ყველასთვის გასაგებია, რომ ეს არ არის "ქართული ოცნების" გულწრფელი დამოკიდებულება დასავლეთთან. მათ თავიანთი გულწრფელი დამოკიდებულება გამოხატეს 19 აპრილის შეთანხმებასთან დაკავშირებით. ჩემი აზრით, ქართველმა ხალხმა ეს უნდა დავიმახსოვროთ, რომ ჩვენს ხელისუფლებასთან ევროპასთან აქვს დამოკიდებულება - მათგან გამოდის და დროშები და სხვა რაღაც სისულელეები, სინამდვილეში, ამ საქმესთან კავშირში არ არის და წმინდა წყლის პოლიტიკური ღონისძიებაა,"-განაცხადა იაგო ხვიჩიამ. 

"ქართულ ოცნებაში" კი ამბობენ, რომ ოპოზიციას არ აქვს რესურსი, რაც კარგი კეთდება მმართველი გუნდის მხრიდან, აღიარონ, რომ ნამდვილად კარგია. 

"უზრუნველვყოფთ იმას, რომ არავის ჰქონდეს იმედი, თუ ისინი შეურაცხყოფენ საერთაშორისო ინსტიტუციების და ევროკავშირის დროშებს, ისინი არ დაისჯებიან და მეორე - ეს არის ერთ-ერთი დასტური იმისა, რომ ჩვენ ვართ ერთგული საქართველოს უმრავლესობის გადაწყვეტილების, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს გახდეს ევროკავშირის და ნატოს წევრი. მარტივია ოპოზიციის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით, რადგან მათ არ აქვთ რესურსი, რომ რაც კარგი კეთდება "ქართული ოცნების" მხრიდან თქვან რომ კარგია და მიიღონ მონაწილეობა,"-აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გურამ მაჭარაშვილი. 

დღის ამბები