18 იანვარი 2022,   02:11
ვრცლად
ევროკავშირის დახმარება კვლავ დამოკიდებული იქნება ძირითადი რეფორმების განხორციელებისას მიღწეულ წინსვლაზე - ჟულიენ კრამპი

ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ჟულიენ კრამპმა განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ევროკავშირი ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის დასაბუთებას გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომ არ მოითხოვოს მაკროფინანსური დახმარების დარჩენილი ნაწილი.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ევროკავშირის დახმარება კვლავ დამოკიდებული იქნება ძირითადი რეფორმების განხორციელებისას მიღწეულ წინსვლაზე.

"საქართველოს მთავრობამ ევროკავშირს შეატყობინა თავისი გადაწყვეტილების შესახებ, თავი შეეკავებინა 75 მილიონი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარების მოთხოვნისგან. ეს თანხა 2021 წლის 30 სექტემბრამდე უნდა გადმორიცხულიყო, იმ შემთხვევაში თუ კი საქართველო შეასრულებდა ორმხრივად შეთანხმებულ ვალდებულებას, რომელიც 2020 წლის სექტემბერში მაკროფინანსური დახმარების პროგრამის პირობების ხელმოწერისას აიღო.

150მ მილიონი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარება, რომლის ნახევარი უკვე გადმორიცხულია, მიზნად ისახავდა საქართველოს მოსახლეობის დახმარებას კოვიდ პანდემიასთან გამკლავებაში. ეს თანხები საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობას უნდა მოხმარებოდა. 

ევროკავშირი ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის დასაბუთებას, გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომ არ მოითხოვოს მაკროფინანსური დახმარების დარჩენილი ნაწილი. პატივს ვცემთ რა, საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას, ამავე დროს აღვნიშნავთ, რომ საქართველომ ვერ შეძლო საკმარისად შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების პირობა და კერძოდ გაეზარდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი.

განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევა წარიმართა საკანონმდებლო ცვლილების მიღების გარეშე, რაც საჭირო იყო ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან სრული შესაბამისობისთვის. შერჩევის პროცესში არ იყო გარანტირებული, თანაბარი პირობები კანდიდატისთვის, ასევე არ იყო მიღებული კიდევ რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც მიზნად ისახავდა სასამართლო სისტემის გამჭვირვალობის გაზრდას. 

მაკროფინანსური დახმარების მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული პირობები, ასევე იყო იმ ვალდებულებებს შორის, რომლებიც საქართველოს პოლიტიკურმა პარტიებმა 2021 წლის 19 აპრილს ევროკავშირის მედიაციით ხელმოწერილი შეთანხმებით აიღეს. 

ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეასრულოს რეფორმებთან დაკავშირებული ვალდებულებები, მათ შორის მართლმსაჯულების სფეროში, საქართველოს მოქალაქეების ინტერესების შესაბამისად და ევროკავშირ-საქართველოს სამომავლო ურთიერთობებისთვის. ევროკავშირი გააგრძელებს სიტუაციაზე ყურადღებით დაკვირვებას. 

ევროკავშირი ხაზგასმით აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ ის კვლავ სრულად მზად არის მხარი დაუჭიროს საქართველოს რეფორმებს, ევროკავშირი საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების შესაბამისად ევროკავშირის დახმარება კვლავ დამოკიდებული იქნება ძირითადი რეფორმების განხორციელებისას მიღწეულ წინსვლაზე,"- განაცხადა ჟულიენ კრამპმა.

დღის ამბები