20 იანვარი 2022,   03:57
ვრცლად
"ევროპარლამენტარი არ არის ჩემი უფროსი" - პრემიერის განცხადებით, ქვეყანამ დამატებითი საგარეო ვალის აღებაზე უარი თავად თქვა

ევროკავშირის მაკროფინანსური ტრანში ქვეყანაში განხილვის ერთ-ერთ მთავარ თემად რჩება. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ საქართველო ევროკავშირის დახმარებას ვერ იღებს, რადგან ვერ ასრულებს სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.

მმართველ პარტიაში კი ამბობენ, რომ რეფორმები და ვალდებულებები წარმატებით ხორციელდება ქვეყანაში. ევროკავშირის დახმარებაზე კი უარს ხსნიან იმით, რომ საქართველოს დამატებითი ვალი არ სჭირდება. გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით დამატებითი კომენტარი ცოტა ხნის წინ კიდევ ერთხელ გააკეთა პრემიერ-მინისტრმა.

"მთავრობამ სესხი აიღო 150 მილიონი ევროს ოდენობით 2020 წელს, ამ სესხიდან ნახევარი ჩამორიცხული იქნა შარშან და მეორე ნახევარი მიბმული იყო სასამართლო რეფორმაზე. მინდა ყველას შევახსენო და მათ შორის ევროპარლამენტარებს, რომლებიც დღეს გამოდიან განცხადებებით - ჩვენ კარგად ვიცით და გვახსოვს როგორი სასამართლო ჩაიბარა "ქართულმა ოცნებამ", მას შემდეგ არაერთი რეალური და ხელშესახები რეფორმა განვახორციელეთ, რამაც რეალურად გამჭვირვალე გახადა და გახსნა ეს სისტემა. ამას გარდა, საქართველოს სასამართლო სისტემა ბევრად წინ უსწრებს ევროკავშირის მოქმედი წევრების, სახელმწიფოების სასამართლო სისტემას.

ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ და ვართ ერთგული იმ რეფორმებისა, რომელიც დავიწყეთ და აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ. გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რომელიც არ დაფიქსირებული 10-12 წელზე მეტია და ამის შედეგად, ჩვენ მივეცით ჩვენს თავს უფლება იმისა, რომ დაგვეწყო ეტაპობრივად საგარეო ვალის შემცირება.

ევროპარლამენტარი არ არის ჩემი უფროსი, ჩვენი უფროსი არის ქართველი ხალხი, ეს ერთი, მეორე, თუ მათ აინტერესებთ რეალურად ვითარებაში გარკვევა, უნდა გაარკვიონ და არა ზედაპირული განცხადებები აკეთონ. არ მაინტერესებს ვინ რა თქვა, მე ვეუბნები ჩვენს ხალხს - ეს იყო სესხი და ჩვენ დამატებითი სესხის აღებაზე ვთქვით უარი,"-განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

დღის ამბები