20 იანვარი 2022,   02:35
ვრცლად
არის განსხვავებული აღქმები ჩვენსა და ევროკავშირს შორის და ეს იწვევს პოზიციების შეუსაბამობას - დავით ზალკალიანი

პოლიტიკური პარტიებისთვის მეორე დღეა ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარება განხილვის თემაა. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ საქართველო ევროკავშირის დახმარებას ვერ იღებს, რადგან ვერ ასრულებს სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.

მმართველ პარტიაში კი ამბობენ, რომ რეფორმები და ვალდებულებები წარმატებით ხორციელდება ქვეყანაში.

პრემიერ-მინისტრის შემდეგ საკითხს უკვე საგარეო საქმეთა მინისტრიც გამოეხმაურა. დავით ზალკალიანი დეტალურად ხსნის, რატომ გახდა საჭირო ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარება საჭირო და რატომ ამბობს ქვეყანა მეორე ტრანშზე უარს.

"ეკონომიკას აქვს ძალიან პოზიტიური დინამიკა ბოლო 6-7 თვის განმავლობაში 12%-იანი ზრდა, ბოლო თვის მონაცემებით 9.9%-იანი ზრდა არის და, ამ პირობებში, რა თქმა უნდა, ეკონომიკურად გაუმართლებელი იქნებოდა ახალი სესხის აღება. ევროკავშირი აღნიშნავს, რაღაცა ნაწილში ის იღებს იმ რეფორმებს, რომელიც მართლმსაჯულების მიმართულებით საქართველოს ხელისუფლებამ განახორციელა და რაღაც ნაწილში ამბობს, რომ ეს არის არასაკმარისი და გვესმის, რომ ეს პირობითობა იყო ჩადებული, ამას არავინ უარყოფს.

ჩვენ ვამბობთ და ჩვენი პოზიცია დაფუძნებულია იმ სამართლებრივ შეფასებებზე, რომელსაც აკეთებენ იურისტები და ვენეციის კომისიიდან მიღებული რეკომენდაციები, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები მნიშვნელოვანწილად შესრულებულია. აქ არის განსხვავებული აღქმები ჩვენსა და ევროკავშირს შორის და ეს იწვევს პოზიციების შეუსაბამობას. შესაძლოა, ევროკავშირს ეს გადაწყვეტილება მიეღო, მაგრამ ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენი ქვეყნის სუვერენული უფლებაა, რომ გამომდინარე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობიდან და სიტუაციიდან, მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყნის ეკონომიკას მძიმე ტვირთად არ დააწვება,"-აცხადებს დავით ზალკალიანი.

დღის ამბები