23 ოქტომბერი 2021,   00:08
ვრცლად
რა არგუმენტებით უარყოფს გახარიას გუნდი ფარულ ჩანაწერებთან კავშირს - ვის შეეძლო უკანონო მოსმენების ორგანიზება/გამოქვეყნება

ინტერნეტით გავრცელებული ფარული ჩანაწერების თემაზე ისევ ვარაუდები ისმის. ამას ხელს უწყობს ხელისუფლების მინიშნებები ყოფილ თანაგუნდელებზე, უფრო კონკრეტულად კი, გახარიას გუნდზე.

ალექსანდრე ხოჯევანიშვილი, რომლის გვარმაც ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით არაერთხელ გაიჟღერა, აცხადებს, რომ სუს-ის უფროსის მოადგილედ მუშაობის პერიოდში ე.წ. მოსმენების მიმართულებას არ ზედამხედველობდა. ყოფილი მაღალჩინოსნის თქმით, ის დაინტერესებულია გამოძიებასთან თანამშრომლობით. საქმესთან კავშირს უარყოფს გიორგი გახარიაც. ყოფილი პრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ თანამდებობებზე ყოფნის დროს, უკანონო ჩანაწერების გაკეთების ბრძანება არც მას და არც მისი გუნდის წევრებს არ გაუციათ. 

ირაკლი ღარიბაშვილი ჩანაწერების გავრცელებაში ოპონენტების წინასაარჩევნო ინტერესს ხედავს, განვითარებულ მოვლენებს კი სახელმწიფოსა და ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიად აფასებს, რომელშიც მთავარი ოპოზიციური ძალის მოკავშირეებად ყოფილ თანაგუნდელებს მიიჩნევს. 

პოლიტიკურ პარტიაში, რომელსაც ღარიბაშვილი პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებს, აცხადებს, რომ 
მმართველი გუნდი ახლა გადაბრალების რეჟიმშია. "ნაციონალურ მოძრაობაში" ჩანაწერებთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას "ქართულ ოცნებას" აკისრებენ, თუმცა არ ავიწყდებათ არც "ოცნებიდან" წასული ყოფილი მაღალჩინოსნების როლიც. 

ვისი დავალებით ხდებოდა თვალთვალი? - ეს ის მთავარი კითხვაა, რომელიც ახლა ოპოზიციას აქვს და რომლის დასმაც მათ სუს-ის ხელმძღვანელისთვის საპარლამენტო დარბაზში სურთ. 

საპარლამენტო უმრავლესობა კი სამართლებრივ პროცესს ელოდება. "ოცნების" დეპუტატების განცხადებით, ჩანაწერების ავთენტურობასთან ერთად გამოძიება მისი გამავრცელებლის ვინაობასაც გაარკვევს.

კერძო კომუნიკაციის დარღვევის ფაქტზე გამოძიება რამდენიმე დღის წინ დაიწყო, რომლის ფარგლებშიც მედიის წარმომადგენელთა გამოკითხვებიც მიმდინარეობს.

 




დღის ამბები