22 ოქტომბერი 2021,   23:00
ვრცლად
ხორციელდება თუ არა არსებული ხელისუფლების პერიოდში საპატრიარქოს წარმომადგენლების მიმართ უკანონო მოსმენა - ირაკლი ღარიბაშვილის პასუხი

გამორიცხავს თუ არა საქართველოს პრემიერ-მინისტრი იმას, რომ მათი ხელისუფლების პერიოდში, საპატრიარქოს წარმომადგენლების მიმართ უკანონო მოსმენა ხორციელდება -  ირაკლი ღარიბაშვილმა შეკითხვას "ღამის კურიერის" ეთერში უპასუხა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო დღეს მხოლოდ ზრუნავს პატრიარქისა და სასულიერო პირების უსაფრთხოებაზე, რადგან ისინი  სახელმწიფოსთვის დიდ როლს ატარებენ.

ამასთან, პრემიერმა განაცხადა, რომ თუ ვინმეს კანონიერად უსმენენ, ეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კანონით მინიჭებული უფლებამოსილებაა.

"პატრიარქი არის სახელმწიფოს უსაფრთხოების დაცვის ქვეშ. მე კითხვას დავსვამდი, როგორია ისეთი სახელმწიფო, რომელიც პატრიარქის უსაფრთხოებაზე არ ზრუნავს? გასარკვევია, ამ ჩანაწერებიდან რომელი იყო ლეგიტიმური, კანონიერი და რომელი არ იყო. მე საპატრიარქოს განცხადებას გავეცანი და იქაც ანალოგიურად არის, რომ ტყუილ-მართალი არეულია, აქედან შესაძლოა 2-3% რაღაც სიმართლე იყოს, თუმცა ამას თავისი ახსნა აქვს და უნდა დაველოდოთ უსაფრთხოების სამსახურის გამოძიების შედეგებს. თუმცა, ამხელა მასალის ასეთ მოკლე დროში გარჩევა და გაფილტვრა შეუძლებელია.

აჟიოტაჟის შექმნის მცდელობა იყო ფარული მასალების გამოქვეყნება და საზოგადოების ორად გახლეჩვა. უნდოდათ წინასაარჩევნოდ წარმოეჩინათ, რომ თითქოს რაღაც უბედურებას ვაკეთებთ. ამ დროს, თუ რამეს ვაკეთებთ, ეს არის ის, რომ ჩვენ ვიცავთ ეკლესიას, საპატრიარქოს და იმ მნიშვნელოვან პირებს, რომლების სახელმწიფოსთვის ძალიან დიდ როლს ატარებენ. აქედან გამომდინარე, არაფერი არ არის გამორიცხული. თუკი ვინმეს უსმენდნენ კანონიერად, უსაფრთხოების სამსახური იმიტომ ჰყავს სახელმწიფოს, რომ მათ კანონით მინიჭებული უფლებამოსილება განახორციელონ,"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

დღის ამბები