17 ოქტომბერი 2021,   16:44
ვრცლად
"ვეფხისტყაოსანი" გაეროში და ქართველოლოგიის პროგრამა ჰარვარდის უნივერსიტეტში - საქართველოს პრემიერი გაეროს გენერალურ მდივანს შეხვდა

გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ჩასულ საქართველოს პრემიერ-მინისტრს გაეროს გენერალურმა მდივანმა უმასპინძლა. ანტიონიო გუტიერეშმა და ირაკლი ღარიბაშვილმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე მდგომარეობასა და კონფლიქტების მოგვარებაში გაეროს როლზე ისაუბრეს.

ნიუ-იორკში გამართულ აუდიენციაზე აღინიშნა გაეროსა და გენერალური მდივნის პერსონალური მხარდაჭერის მნიშვნელობა საქართველოს სუვერენიტეტისადმი. ყურადღება გამახვილდა ჟენევის დისკუსიებში გაეროს ჩართულობაზე - აღინიშნა ამ ფორმატში კონკრეტული შედეგების მიღწევის აუცილებლობა.

პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური მდივნის მოადგილესაც შეხვდა, რომელიც ქართული დელეგაციის მხრიდან გაეროსთვის სპეციალური საჩუქრის გადაცემის ღონისძიებას დაესწრო. "ვეფხისტყაოსნის" სამუზეუმო ეგზემპლარი ამიერიდან ნიუ-იორკში, გაეროს არტ-კოლექციაში იქნება განთავსებული. უნიკალური ხელნაწერის ყდა დამზადებულია ვერცხლისგან და გამოყენებულია 20-მდე დასახელების ძვირფასი ქვა, ის საფრანგეთში მოღვაწე ცნობილმა ქართველმა მოქანდაკემ გუჯი ამაშუკელმა მოჭედა. ღონისძიებაზე გაეროს გენმდივნის მოადგილემ კი თავის მხრივ პრემიერს საჩუქრად 2018 წელს გაეროს სპეციალური დეპარტამენტის მიერ გამოცემული შოთა რუსთაველის საიუბილეო საფოსტო მარკა უსახსოვრა.

გაეროს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სიტყვის გამოსვლა ხვალ იგეგმება. 

დღის ამბები